ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით სამართალდამცავთა მხრიდან არ არის ისეთი მაღალი მგრძნობელობა, როგორიც უნდა იყოს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" შს სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ ხდება რისკების ეფექტიანი შეფასება საწყის ეტაპზე და სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რომელზეც აქტიური მუშაობა დაიწყება.
"აღნიშნული დეპარტამენტის მიზანი გახლავთ, შეტყობინებისთანავე მოხდეს რისკების სწორი შეფასება. დეპარტამენტი შეიმუშავებს რისკების შეფასების სისტემას, რომ პოლიციის გამომძიებელმა შეტყობინებისთანავე დროულად და მყისიერად შეაფასოს და მიიღოს სათანადო ზომები", - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.