საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ფონდ "იავნანასთან" დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს სასაცილოს უწოდებს და მზადაა, გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს.
პაატა ბურჭულაძე წუხელ საქართველოში დაბრუნდა.
"უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. რა დანაშაული უნდა იყოს?! სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა. ხუთი თვე არის უკვე პროკურატურას საბუთები აქვთ ჩვენი წაღებული და ვერაფერი მონახეს და ვერც მონახავენ. მე ძალიან გული მწყდება, რომ პროკურატურა ჩაითრიეს ამ საქმეში", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ "რუსთავი2"-თან საუბრისას.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება გამოძიების დაწყება წარსულში მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს, პაატა ბურჭულაძის თქმით, "რა თქმა უნდა, უკავშირდება და მარტო ამას არა, სხვა რამეებსაც".
საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს ფონდ "იავნანას" საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავენ. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ფონდ "იავნანას" თანხების გაფლანგვას.