"მესამე ადგილზე გავედით უცნობილეს გერმანულ ნუსხაში!" - მწერალ ზურაბ ქარუმიძის აღიარება გერმანიაში

"მესამე ადგილზე გავედით უცნობილეს გერმანულ ნუსხაში!" - მწერალ ზურაბ ქარუმიძის აღიარება გერმანიაში

გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნუსხაში, რომელიც გერმანიის რეგიონულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა SWR-მა შეადგინა, მწერალი ზურაბ ქარუმიძე რომანით "დაგნი, ანუ სიყვარულის ნადიმი" მესამე ადგილზეა, ამის შესახებ "ფეისბუქზე" თავად მწერალი წერს.

"გერმანიაში გამოსული საუკეთესო წიგნების ამ ტოპ-ათეულს აგერ უკვე ორმოცი წელია აქვეყნებენ ხოლმე, თვეში ერთხელ; ამას აკეთებს 25 კაციანი ჟიური (გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარელი კრიტიკოსები და ჟურნალისტები). ეს თებერვლის ნუსხაა, აქ პეტერ ჰანდკე მეშვიდეა, ხოლო იანვრის ნუსხაში პირველზე იყო. ელენა ფერანტეც აქვეა (მეათეზე)", - წერს ქარუმიძე.

გერმანული მაუწყებლის, SWR2-ის ცნობით, რომანი მესამე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ავტორიტეტულ მწერლებს, როგორებიც არიან: პეტერ ჰანდკე და ელენა ფერანტე.

"კულტურათაშორისი ურთიერთობებით მოჯადოებული ავტორი ბევრ რამეს ვირტუოზულად, პოსტმოდერნული მანერით აერთიანებს: თანამედროვე ხელოვნებას, სიყვარულის მაგიას, საქართველოს ისტორიას და მითებს, მათ შორის სტალინსაც", - ნათქვამია გერმანული მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

SWR საუკეთესო ათეულს ყოველთვიურად აქვეყნებს. ტოპ-ათეულს ორმოცწლიანი ტრადიცია და მაღალი რეპუტაცია აქვს. საუკეთესოებს 30-წევრიანი ჟიური ავლენს და მის შემადგენლობაში შედიან გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი კრიტიკოსები, ლიტერატურათმცოდნეები და ჟურნალისტები.

წიგნების შერჩევისას ჟიური ხელმძღვანელობს ერთადერთი კრიტერიუმით - შეირჩეს წიგნები, რომლებსაც თავად ჟიურის წევრები უსურვებდნენ ბესთსელერების სიაში მოხვედრას. ათეულში, ძირითადად, ავსტრიელი და გერმანელი მწერლების წიგნებია მოხვედრილი.

"დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი" ზურაბ ქარუმიძის ინგლისურენოვანი რომანია, რომელიც გასულ წელს ცნობილმა მთარგმნელმა შტეფან ვაიდლემ თარგმნა და გერმანულმა გამომცემლობამ Weidle Verlag გამოსცა. გერმანული გამოცემის პრეზენტაციები 2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა.

წიგნის მთავარი გმირია ედვარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერგის, კნუტ ჰამსუნის მუზა, ნორვეგიელი პიანისტი და პოეტესა დაგნი იუელი, რომელიც თბილისში, სასტუმრო "გრანდ ოტელში" საიდუმლო ვითარებაში მოკლეს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით აღნიშნული ზურაბ ქარუმიძის წიგნის კითხვა-პრეზენტაცია 16 მარტს 2018 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება.

გასულ წელს რომანზე გერმანულმა რადიომ "Deutschlandfunk Kultur" სიუჟეტიც მოამზადა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება