თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაჭრილ მოზარდს 4 ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ექიმის განმარტებით, მოზარდს ჰემორაგიული შოკი აქვს და მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.
"პაციენტი მოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოსვლისას გამოხატული იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის არეში და წელის მიდამოში. იმყოფება საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. 4 ჭრილობა აქვს, სავარაუდოდ, დანით მიყენებული. ჰემორაგიული შოკი აქვს, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება. წინასწარ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით", - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.
მოზარდი, რომელიც სავარაუდოდ, 15 წლისაა, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" ცოტა ხნის წინ დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. არასრულწლოვანს ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო და ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.