ქართველი დემოგრაფები შემაშფოთებელ მონაცემებს ასაჯაროვებენ

ქართველი დემოგრაფები შემაშფოთებელ მონაცემებს ასაჯაროვებენ

გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის 30-35%-ით მატებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ განაცხადა, რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე იუსაბრა.

თოთაძემ საუბრისას გაერო-ს მონაცემები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, 34%-ით გაიზრდება აზერბაიჯანის მოსახლეობა, სომხეთის - 7%-ით, ხოლო რაც შეეხება ჩრდილო კავკასიის ქვეყნებს და თურქეთს, მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 30-35%-ით გაიზრდება.

"ერთადერთი საქართველოა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა არ გაიზრდება. ეს ტენდენცია საქართველოს შემთხვევაში უკვე შეინიშნება. ჩვენ ახლა რაც არ უნდა აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა ვაწარმოოთ, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება", - განაცხადა თოთაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულის თქმის საფუძველს მას აძლევს ის, რომ 90-იანი წლებამდე თუ 455 ათასი გოგო იბადებოდა, 2000-იანი წლების დასაწყისში 236 ათასი გოგო დაიბადა.

მისი განცხადებით, 2017 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად გარდაცვალების მაჩვენებლმა შობადობას გადააჭარბა. გაიზარდა განქორწინებათა რიცხვიც.

"ორი წლის წინ 3 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა. ახლა ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. თბილისში კი ყოველი ერთნახევარ ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. ამ მხრივ, უკეთესი მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთშია, სადაც 5 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. განქორწინებით შედეგად კი შობადობა 8%-ით მცირდება", - განაცხადა თოთაძემ.

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება "XXI"-ის დირექტორის, ზვიად ტომარაძის განცხადებით, საქართველოში, ბოლო 6 წლის განმავლობაში, სელექციური მიზნით დაახლოებით 32 000 აბორტი გაკეთდა. ტომარაძის თქმით, აღნიშნული ტენდენცია ძალიან ცუდია და სამომავლოდ შობადობაზე მკვეთრ გავლენას მოახდენს.

ზვიად ტომარაძემ ასევე ისაუბრა საქართველოში აბორტების რაოდენობის შესახებაც და აღნიშნა, რომ აბორტების რაოდენობის შესამცირებლად კანონპროექტიც კი შეიმუშავეს, რომელიც ირლანდიაში ამჟამად მოქმედი კანონის სრული ანალოგი იყო ქართულ სინამდვილეში გადმოტანილი.

ტომარაძის თქმით, ოფიციალურად წელიწადში საშუალოდ 40 000-მდე აბორტი კეთდება, არაოფიციალური მონაცემებით კი ეს ციფრი გაცილებით მეტია. ტომარაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი პარლამენტში მაისში წარადგინეს, "თუმცა გარკვეულ წინააღმდეგობას ჯანდაცვის კომიტეტში წააწყდნენ". მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს საკითხი პარლამენტში სასიკეთოდ გადაწყდება.

ტომარაძემ აბორტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკაც მოიყვანა.

კერძოდ, რომელ ქვეყნებშია სრულად აკრძალული ეკონომიკური სიდუხჭირის, ქალის ჯანმრთელობის თუ სხვა მიზეზების გამო.

"აბორტები სრულად აკრძალულია, ან ნებადართულია ქალისთვის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით 68 ქვეყანაში. ამას ემატება ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით 58 ქვეყანა, ეკონომიკის სიდუხჭირის შემთხვევაში აბორტების გაკეთება გამართლებულია 15 ქვეყანაში, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს 58 ქვეყანაში. ეს ძირითადად ევროპის ქვეყნებია ირლანდიისა და პოლონეთის გარდა", - განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

დემოგრაფების თქმით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნების კლება ძირითადად ქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება. გასულ წელს იმერეთის რეგიონში 1218-ით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, ხოლო წელს, მხოლოდ წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილია 1348 პირი.

ანზორ თოთაძის განცხადებით, ასეთივე მდგომარეობაა გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სადაც 45 წელია, უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი