საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხვალ წმინდა მოწამეების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.
ეს დღე განსაკუთრებით აღინიშნება მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერში, სადაც წმინდანთა წმინდა ნაწილები განისვენებს.
არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე 740 წელს არაბების შემოსევისას მურმან ყრუს ბრძანებით აწამეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს. ღამით წმინდანთა სხეულებს ნათელი დაადგათ და წყლის ზედაპირზე ამოტივტივდნენ. მოწამეთა ცხედრები წყალწითელას ხეობაში კლდის აკლდამაში გადაასვენეს. შემოგარენს კი მოწამეთა ეწოდა.
საბჭოთა პერიოდში, 1923 წელს, კომუნისტებმა დაარბიეს, გაძარცვეს მონასტერი, წმინდანთა წმინდა ნაწილებს კი ქუთაისში ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ. მათ სურდათ წმინდანთა ნაწილები რიონში ჩაეყარათ, თუმცა აპრილის მზიან დღეს მოულოდნელად წვიმა და სეტყვა წამოვიდა და ქარიშხალი მძვინვარებდა. პროცესიამ რიონამდე მისვლა ვეღარ მოახერხა. ამით ისარგებლა ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელმა, მისმა პირველმა დირექტორმა, პუბლიცისტმა ტრიფონ ჯაფარიძემ (მისი წინაპრები სამღვდელო პირები იყვნენ) და წმინდანთა წმინდა ნაწილების მუზეუმში გადაბრძანება ითხოვა.
1954 წლამდე დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები ქუთაისის მუზეუმში იყო დაცული, სადაც მორწმუნე ერი მაინც ახერხებდა მათ მოლოცვას. 1954 წლიდან კი მოწამეთას ეკლესია მოქმედი გახდა და დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნეშტები კვლავ პირვანდელ წმინდა სამყოფელს დაუბრუნდა.