რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს

20 სექტემბერს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ საქართველოს მოქალაქეობაზე 15 ფერეიდნელ ქართველს უარი უთხრა. ამის მიზეზად, დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის თქმით, კომისიამ სახელმწიფო ინტერესებისთვის მოქალაქეობის მინიჭების შეუსაბამობა დაასახელა.

დავინტერესდით, როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და რისი წარდგენა მოუწევს პიროვნებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქის სტატუსის მისაღებად.

მოქალაქეობის მინიჭების უფლება შედის მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, რომელმაც გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭების წესებს, პირმა ის შეიძლება როგორც დაბადებით, ისე ნატურალიზაციით (შემდეგ მიღებით) მიიღოს, როგორც ჩვეულებრივი, ისე საგამონაკლისო წესით.

"სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისთვის პირი:

  • უნდა იყოს სრულწლოვანი
  • განცხადების წარდგენის დღემდე კანონიერად და უწვეტად 5 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს საქართველოში
  • გარკვეულწილად, დადგენილ ფარგლებში ფლობდეს სახელმწიფო ენას
  • უნდა იცოდეს საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლები
გარდა ამისა, როდესაც პირს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით ენიჭება, მას საქართველოში სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება უნდა ჰქონდეს, ჩვენს ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდეს ან საქართველოს საწარმოში წილს ან აქციებს ფლობდეს: "მოქალაქეობის საკითხთა კომისია აფასებს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობას,"- განმარტებულია "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ვებგვერდზე.

საქართველოს მოქალაქეობის მიღება საგამონაკლოსო წესითაც შესაძლებელია, რაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ისეთ პირს ენიჭება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს.

რაც შეეხება პროცედურებს, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს ან სერვისების განვითარების სააგენტოს; თუ საზღვარგარეთ იმყოფება, საკონსულო დაწესებულებას ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ასევე მას შეუძლია, განცხადება თანდართული დოკუმენტაციით პირადად, საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნოს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია პირი საქართველოს მოქალაქედ მიიღოს მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა იგი საქართველოს მოქალაქეობის მიღების ზოგად პირობებს (ანუ, მიუხედავად იმისა, მუდმივად ცხოვრობს თუ არა საქართველოში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, იცის თუ არა სახელმწიფო ენა, ისტორია და ა.შ.).

ვინ შეიძლება წარადგინოს განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე?

"იუტიციის სახლის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადება ქმედითუნარიანმა პირმა პირადად უნდა წარადგინოს. არასწრულწლოვნის შემთხვევაში, გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა, განცხადება მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს, ასევე მხარდაჭერის მიმღებმა პირმა მხარდამჭერის თანხმობით და დაინტერესებული პირის წარმომადგენელმა დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის თაობაზე საკითხის განხილვისა და დასკვნის მომზადების უფლება აქვს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. თუმცა, ეს მოქალაქეობის მისაღებად და დასაკარგად საკმარისი პროცედურა არ არის. დასკვნა ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს და მხოლოდ მას აქვს ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ექსკლუზიური უფლება. შესაბამისად, სანამ პრეზიდენტი არ გამოსცემს სათანადო ბრძანებულებას (ან განკარგულებას), მანამ პირი ვერ მიიღებს და ვერ დაკარგავს მოქალაქეობას, თუნდაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი დასკვნა არსებობდეს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი