ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სესხები გაძვირდა.
ამ ტენდენციამ 2016 წლის მეოთხე კვარტალის დასაწყისიდან იჩინა თავი. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფინანსისტები საკრედიტო განაკვეთების ზრდის მიზეზებად ლარის დევალვაციას, დედოლარიზაციის პროგრამას და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნას ასახელებენ. კომერციულ ბანკებს ეზრდებათ ხარჯი და ისინიც ცდილობენ, დამატებითი ვალდებულება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აჰკიდონ.
საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2016 წლის მესამე კვარტალის დასასრულისათვის მოკლევადიან სესხებზე 16.8% იყო, დღეს კი 17%-ია, გრძელვადიან სესხებზე 11.3%-დან 11.4%-მდე გაიზარდა. განაკვეთის ზრდა ჯერჯერობით დიდი არ არის, თუმცა რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ტენდენციის შენარჩუნებას და უფრო მეტ გაძვირებას ვარაუდობენ სფეროს სპეციალისტები. მათი აზრით, ამაში მთავარი დამნაშავე ლარის მცურავი კურსი და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია. ბანკებს პრობლემას უქმნის დედოლარიზაციის პოლიტიკაც, რადგან ლარის რესურსი ნაკლები აქვთ.
საპროცენტო განაკვეთის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმიც, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დადგენილი, ბანკებს რა თანხის გადახდა მოუწევთ დაზღვევის ფონდის შესაქმნელად.
ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიზეზად ლარიზაციას მიიჩნევს. მისი აზრით, ეს პროგრამა თავიდანვე შეცდომა იყო და სპეციალისტების მოლოდინი, რომ კრედიტებს გააძვირებდა, პირველ ეტაპზევე გამართლდა.
განგრძეთ კითხვა