რატომ არ დააფინანსა პრეზიდენტის ფონდმა ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტი?

რატომ არ დააფინანსა პრეზიდენტის ფონდმა ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტი?

აფხაზეთის კულტურისა და განათლების ყოფილი მინისტრის, პროფესორ სალომე კაპანაძის თქმით, მისმა ქართულ-აფხაზურ თემაზე მომზადებულმა პროექტმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება ვერ მიიღო. დეტალების გასარკვევად ქალბატონ სალომეს ვესაუბრეთ.

სალომე კაპანაძე, პროფესორი:

"არ მგონია, ჩვენს ქვეყანაში იმაზე უფრო დიდი პრობლემა არსებობდეს, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიებია. სხვა საკითხია, რეალურად რამდენად საქმიანად ვუდგებით ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის საკითხს და ვეძებთ თუ არა შესაძლებლობებს ამ დილემის გადასაწყვეტად. დარწმუნებული ვარ, გუშინ 27 სექტემბერს, არავინ დააკლდა გმირთა მოედანს გვირგვინებით ხელში. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის გამთლიანების გულწრფელი სურვილი ყველას აქვს, მაგრამ ამ სურვილის ორგანიზებისათვის სახელმწიფო ბოლომდე არ ხარჯავს რესურსს. უცხოური ფონდების იმედად დარჩენილი ეს საქმე წინ არ მიიწევს, იმიტომ, რომ ეს საკმარისი არ არის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც კი არ არსებობს ფინანსური რესურსი ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული კარგი იდეების-პროექტების განსახორცილებლად.

წელს, აპრილში, პრეზიდენტის ფონდში შევიტანე ძალიან საინტერესო, ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტი, რომელშიც ქართველ სტუდენტებთან ერთად აფხაზი ახალგაზრდებიც უნდა ჩართულიყვნენ. მე ამ მიზნით რამდენიმე პროექტი მაქვს განხორციელებული. ქართული მხრიდან ძირითადად ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურობდნენ და იყო რეალური შანსი იმისა, რომ უფრო აგვემაღლებინა ახალგაზრდების ცნობიერება ძალადობის გზით ამ პრობლემის გადაჭრის წინააღმდეგ და ხელი შეგვეწყო აფხაზ თანატოლებთან კონსტრუქციული ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისთვის. პროექტის პრეზენტაცია 27 სექტემბერს უნდა შემდგარიყო. პრეზიდენტი 27 სექტემბერს მხოლოდ გვირგვინს კი არ მიიტანდა გმირთა მოედანზე, არამედ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნავდა ამ ტრაგიკულ დღეს ნდობის აღდგენის რეალური გზავნილით, რომელიც იქნებოდა ძალიან რეზონანსული და შედეგიანი ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის თვალსაზრისით.

მაცნობეს, რომ წელს პრეზიდენტის ფონდის პრიორიტეტებში ეს თემა არ შედის! ეს პასუხი კურიოზულადაც კი მომეჩვენა და საკითხის გარკვევა უფრო ღრმად ვცადე, ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს ერთ-ერთ შეხვედრაზე საკითხის უფრო კარგად შესწავლა ვთხოვე, მისგან დაპირებაც კი მივიღე, თუმცა დღემდე არავინ გამომხმაურებია, ანუ ეს პროექტი წელს არ შედგა, ვინაიდან მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი გათვლილი იყო ზაფხულის თვეებზე.

დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე პრეზიდენტთან არავინ ისაუბრებდა. ადმინისტრაციაშიც ბევრი საქმეა და მე, როგორც ყოფილ უმაღლეს საჯარო მოხელეს, ეს კარგად გამეგება, მაგრამ იმ დასკვნისათვის, რომელიც გამაჩნია, ამ შემთხვევაში ყველა კონტრარგუმენტი უსუსურია. რა მნიშვნელობა აქვს გიორგი აბაშიშვილმა ვერ თუ არ მოასწრო ამ პროექტის განხილვა. ორივე შემთხვევაში ეს საგანგაშოა და დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადამიანი, ვისთვისაც ქართულ-აფახაზური ნდობის აღდგენის საკითხი პრიორიტეტული არ არის".

ჩვენ ვითარების გარკვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ვცადეთ:

"ეს პროექტი ნამდვილად შემოსულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში, თუმცა უარი აქვს ნათქვამი, რადგან ეს პროექტი არ იყო სარეზერვო ფონდის პრიორიტეტების შესაბამისი. მოგახსენებთ, რომ ყოველ წელს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ქვეყნდება სარეზერვო ფონდის პრიორიტეტები, ანუ რას უნდა მიესადაგებოდეს კონკრეტული პროექტი, რომელიც იმ წელს დაფინანსდება. სარეზერვო ფონდს კონფლიქტურ თემაზე არაერთი პროექტი აქვს დაფინანსებული. ფონდის უმთავრესი მიზანია საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობა.

მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2017 წლის პრიორიტეტებია: დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ინტეგრაციული პროცესების განმტკიცება, საქართველოს კონსტიტუციის ცოდნის პოპულარიზაცია, რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობს, ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჩართულობის ხელშეწყობა, ბავშვთა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცება, სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ქვეყნის უშიშროების დაცვის გაძლიერება და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა", - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი