უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანის განცხადებით, "შეგინის" გამშვებ პუნქტთან საზღვრის გარღვევა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მისი ორგანიზატორები პასუხს აგებენ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
"ის, რაც "შეგინში" მოხდა არა მხოლოდ საზღვრის დარღვევაა, არამედ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე მორიგი თავდასხმაა. უკრაინის საზღვრის ძალადობრივი გარღვევა დანაშაულია და ვისაც კავშირი აქვს ამის ორგანიზებასთან პასუხი უნდა აგოს", - დაწერა ვლადიმერ გროისმანმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მკაცრი პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ხელი აწია იმ ბიჭებზე, ვინც უკრაინის სახელმწიფოსა და მის საზღვრებს იცავენ.
"არაფერს ვიტყვი მიხო სააკაშვილზე, მას თავისი მიზნები და მოტივები ამოძრავებს. მე იმ პოპულისტ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობ, ვინც მოქმედებენ პრინციპით - რაც უფრო ცუდად არის საქმე, მით უკეთესია", - განაცხადა გროისმანმა.