მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ერთ წელიწადში 3 საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ერთ წელიწადში 3 საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

სადავო არ არის, რომ მასწავლებელი პროფესიულ განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და ამაში მას ხელს სახელმწიფო უნდა უწყობდეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოში ყველაზე მძლავრი და ფაქტობრივად, ერთადერთი მსხვილი ორგანიზაციაა, რომელიც ამ საკითხის გადაჭრაზე წლების განმავლობაში ზრუნავდა, თუმცა ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი, გასული წლიდან, პროფესიული განვითარების მომსახურების ბაზრის მეტად განვითარება და ხელშეწყობა გახდა. ცენტრის ხელმძღვნელობა აღნიშნავს, რომ ხარისხიანი ტრენინგ-პროგრამების განხორციელებისათვის ნოყიერ ნიადაგს პირველ რიგში ჯანსაღი კონკურენცია ქმნის, ამიტომ, 2016 წლის ბოლოდან, ცენტრმა მომსახურების დეცენტრალიზაციის ეტაპობრივი პროცესი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ტრენინგ-პროგრამებს მასწავლებლებისთვის არამარტო ცენტრი, არამედ კერძო მიმწოდებლებიც განახორციელებენ.

უწყების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ ჩვენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს გიორგი მაჩაბელს ვესაუბრეთ.

- მოგვიყევით მიმდინარე პროექტის შესახებ, რა ეტაპზეა ახლა ის?

- მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის ბოლოდან დღემდე სამი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პირველი იყო საგნაბრივი ასოციაციებისთვის განკუთვნილი კონკურსი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმისა და პროფესიული სტანდარტის კვლევას ითვალისწინებდა. მეორე კონკურში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ცენტრმა ხელშეკრულებები უკვე გააფორა. შერჩეულ საგრანტო პროექტებს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ განახორციელებენ. ხოლო მესამე კონკურსი ცენტრმა 19 აგვისტოს გამოაცხადა და ამ ეტაპზე განცხადებების მიღება მიმდინარეობს.

- პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსში რამდენი მიმართულებით შეირჩა პროექტი, რამდენია მისი ბიუჯეტი და რა არის მიზანი?

- მეორე კონკურსზე პროექტები ორი მიმართულებით შეირჩა. ესაა „სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა” და „სკოლის ბაზაზე საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობა“. პროექტის ბიუჯეტის მოცულობა 300 ათასი ლარია, თუმცა ეს თანხა სრულად არ იქნა ათვისებული. რა თანხის შესაბამისი იყო ამ სამი ორგანიზაციის წინადადება, იმ მოცულობით მოხდა მათი დაფინანსება. პროექტი 21 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდება. რაც შეეხება საგრანტო კონკურსის მიზანს, ის მომსახურების გარე მიმწოდებლების ჩართულობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და მრავალფეროვანი, ინოვაციური მიდგომების წახალისებას ითვალისწინებს. გარდა იმისა, რომ კონკურსი ჩვენ დაგვეხმარება ავამაღლოთ მიწოდებული სერვისების ხარისხი, ეს ამ ტიპის ორგანიზაციების განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

- რაც შეეხება 19 აგვისტოს გამოცხადებულ ახალ საგრანტო კონკურსს, რა მიზანს ისახავს ის?

- კონკურსის მიზანია, მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კუთხით. საგრანტო კონკურსი ორ ლოტად გამოცხადდა და ითვალისწინებს აღნიშნული პროექტის განხორციელებას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. კონკურსით შერჩეულმა ორგანიზაციამ, გრანტის ფარგლებში უნდა განახორციელოს პროფესიული განვითარების პროგრამა ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის „საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეფასება“ მიხედვით.

- როგორ აკონტროლებთ აღნიშნული პროექტების ხარისხს?

- გამარჯვებული ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგს ცენტრი ანხორციელებს. ჩვენ ვმუშაობთ ხარისხის მართვის ახალ სტრუქტურასა და სისტემაზე, რომელიც თანაბარი მომთხოვნი იქნება, როგორც ცენტრის შიდა პროდუქციაზე, ასევე გარე მიმწოდებლების პროდუქციაზე. ხარისხს გავზომავთ სერვისების, ადამიანური რესურსებისა და პროცესების მიმართულებით. ამ სამ მიმართულებაზე გვაქვს მონიტორინგის გეგმა, რომლის მიხედვით ადგილზე შევისწავლით, შევაფასებთ და გავაანალიზებთ პროგრამას, ამის შემდეგ კი, საჭიროების მიხედვით გავცემთ რეკომენდაციებს.

მიმდინარე კონკურსის პირობები:

• კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებული არიან ცენტრის მიერ ადმინისტრირებად შემდეგ ელექტრონულ ბაზაში. ერთხელ დარეგისტრირებული ორგანიზაციები ხელახალ რეგისტრაციას, რა თქმა უნდა, არ საჭიროებენ.

• საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება წარმოებს 2017 წლის 19 აგვისტოდან 2017 წლის 11 სექტემბრის 12:00 საათამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში.

• რეგისტრირებულმა მომხმარებელმა საგრანტო განაცხადი უნდა შეავსოს და შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთოს მხოლოდ ელექტრონული სახით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი