ისნის ბაზრობაზე ავტომობილების დამწვარ ტერიტორიაზე დაზარალებულ მოვაჭრეებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
დაზარალებულები დამწვარ პერიმეტრზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ამ დრომდე ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მყოფი სამართალდამცველები არ აძლევენ.
პოლიციამ დაზარალებულებს განუმარტა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი საქმეში მანამდე არ ჩაერთვება, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებებს შსს-ს ექსპერტი არ დაიწყებს.
აღნიშნული უწყების ექსპერტს კი საგამოძიებო მოქმედება ჯერ არ დაუწყია, რასაც დაზარალებულთა პროტესტი მოჰყვა.
მოვაჭრეების განმარტებით, მათ დააფიქსირეს, რომ ტერიტორიაზე იმყოფება ბაზრობის ადმინისტრაციის მოადგილე, რომელიც „საეჭვო სამუშოებს ატარებს“. დაზარალებულები ითხოვენ, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული, არ შეუშვან ბაზრობის ადმინისტრაცია. მათივე განმარტებით, ეჭვობენ, რომ ისნის ბაზრობაზე ცეცხლი განზრახ გაჩნდა და ბაზრობის ადმინისტრაცია ახლა კვალის გაქრობას ცდილობს.
”შემოვიდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ფაქტების გაქრობა უნდათ. ვკითხეთ რა უფლებით შემოვიდნენ ტერიტორიაზე მაშინ, როცა დამოუკიდებელ ექსპერტს და არც ჩვენ არ გვიშვებენ. უნდათ იმ ადგილის დალაგება, საიდანაც ცეცხლი წარმოიშვა. ვითხოვთ, რომ ვიდრე ჩვენი ექსპერტი არ ჩაერთვება საქმეში, ხელი არ ახლონ არაფერს”, - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ემზარ ლეთოდიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ადგილზე იმყოფება ასევე დაზარალებულების ადვოკატი. რევაზ მოდებაძის განცხადებით, დაცვის მხარე მაქსიმალურად ცდილობს, რომ გამოძიებას ხელი შეუწყოს, თუმცა მისივე თქმით, როგორც ჩანს, მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ ექსპერტს სამართლებრივად მუშაობის დაწყების უფლება აქვს.
ადვოკატი ამბობს, რომ ახლო მომავალში სასამართლოს და პროკურატურას მიმართავს.