საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა.
"მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა", - აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს პოლონეთში ჩავიდა. პოლონეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტით იმყოფება. სააკაშვილმა ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, სააკაშვილი არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის. პოლონეთში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.