მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში გერმანელი ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში სამოდელო გაკვეთილებს და სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ.
აღნიშნული პროექტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (GIZ) და სენიორ ექსპერტების სამსახურთან (SES) ერთად შემუშავდა და პირველ ეტაპზე პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებებში ტურიზმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებელთა საჭიროების კვლევას ითვალისწინებს, შემდეგ კი მოხდება სხვადასხვა სპეციალობებში მასწავლებელთა ტრენინგების მიზნობრივი დაგეგმვა. ტრენინგები ძირითადად ტურიზმის სფეროში ჩატარდება,
კერძოდ, გასტრონომიის, სასტუმროს მომსახურებისა და მენეჯმენტის, კულინარიის და სხვა მიმართულებით.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, გერმანელი ექსპერტები დაეხმარებიან პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას, თანამშრომლობის დამყარებაში კონკრეტულ პროფესიულ სასწავლებელთან გერმანიაში და ქართული პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებსა და საუკეთესო სტუდენტებს ევროპული გამოცდილების მისაღებად მიავლენენ გერმანიაში.
„ჩვენ ადგილზე ვიმუშავებთ მასწავლებლებთან, რათა დავადგინოთ მათი პროფესიული საჭიროებები, ამის შემდეგ კი მოხდება გერმანიის და საქართველოს პროფესიული სასწავლებლების დამეგობრება, რომლის შედეგად საქართველოს სასწავლებლებს ექნებათ საშუალება, საუკეთესო სტუდენტები, მასწავლებლების თანხლებით, გაგზავნონ გერმანიის სასტუმროებში პრაქტიკის გასავლელად. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოგვიწვია და საშუალება მოგვეცა, დავეხმაროთ ქართულ პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში. მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაში დაგეგმილია დუალური პროფესიული განათლების განვითარება, რაც გერმანული მოდელია. ჩვენ ხელს შევუწყობთ მასწავლებლებს, წარმატებით დანერგონ ეს მოდელი სასწავლო პროცესში“, - აცხადებს საერთაშორისო ექსპერტი გერალდ ვეტცელი.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ელბაქიძე აცხადებს, აღნიშნულ პროექტში ჩართულია 12 პროფესიული სასწავლებელი, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს.
“გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სენიორ ექსპერტების სამსახურის ეგიდით საქართველოში ჩამოვიდა 6 გერმანელი ექსპერტი, ე.წ. დარგის სპეციალისტი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დარგის სპეციალისტებს უწევენ საგანმანათლებლო საკითხებში დახმარებას. მოგეხსენებათ, საქართველოში პროფესიულ განათლებაში გვყავს მასწავლებლები, რომლებიც არიან ერთის მხრივ პროფესიული განათლების მასწავლებლები და მეორეს მხრივ კონკრეტული პროფესიის სპეციალისტები. გერმანელი ექსპერტები ადგილზე შეხვდნენ ამ მასწავლებლებს რათა გაეცნონ მათ აკადემიურ საჭიროებებს და ამის მიხედვით განსაზღვრონ თუ რა ტიპის ტრენინგები ჩაატარონ სამომავლოდ. პროექტში ჩართულია 12 კოლეჯი, რომლებიც თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთში, ბათუმში, მესტიაში, ახალციხესა და კაჭრეთში მდებარეობს. საჭიროებების კვლევის ეტაპი აქტიურ ფაზაშია და იგი დასრულდება 2 აგვისტოს, რის შემდეგაც ექსპერტები გემრანიაში დაბრუნდებიან, ხოლო ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოვლენ ნოემბერში და დაიწყებენ მასტერკლასების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროექტს აქვს ე.წ გვერდითი ეფექტი - მოხდება საქართველოში არსებული კონკრეტული პროფესიული სასწავლებლების დამეგობრება გერმანიის სასწავლებლებთან და წარმატებული ქართველი სტუდენტები პრაქტიკის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრებიან“, - აცხადებს ნინო ელბაქიძე.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შეიქმნა სამი ორგანიზაციის - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ), გერმანიის განვითარების სამსახურის (DED) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ”საერთაშორისო გადამზადება და განვითარება” (InWEnt) - შერწყმის შედეგად. იგი ფედერალურ მთავრობას საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნების მიღწევაში ეხმარება. ამასთან, მას პირველ რიგში ეხება ტექნიკური თანამშრომლობა, მაგალითად ქართველი პარტნიორებისათვის კონსულტაციების გაწევა და ასევე შესაბამისი მცირე ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა.
სენიორ ექსპერტთა სერვისი (SES) წარმოადგენს გერმანიის ინდუსტრიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდს (Stiftung der deutschen Wirtschaft für internationale Zusammenarbeit). ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც გერმანელ ექსპერტებს აგზავნის გერმანიისა და სხვა ქვეყნების კომპანიებში კონსულტირებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ექსპერტები უსასყიდლოდ უტარებენ ტრენინგს სპეციალისტებსა და მენეჯერებს – ეს არის სისტემა, რომელიც მომგებიანია მისი ყველა წარმომადგენლისათვის. ექსპერტები მომსახურებას უწევენ მცირე და საშუალო საწარმოებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ბიზნეს ასოციაციებსა და მომსახურების სექტორებს, რომელთა შორისაც არიან სოციალური, სამედიცინო ინსტიტუტები და პროფესიული სასწავლებლები.