წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოლიტიკირი მოძრაობა "რესპუბლიკა მარშზე" საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერობს.
პოლიტიკურმა მოძრაობამ "რესპუბლიკა მარშზე" ამომრჩეველთა ხმების 32,6% მიიღო, მეორე ადგილზე ამომრჩეველთა ხმების 20,9%-ით "რესპუბლიკელები" არიან, ხოლო "ეროვნულმა ფრონტმა" 13,1% მოიპოვა.
ჟან-ლუკ მელანშონის "დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა" ამომრჩეველთა ხმების 11% მოიპოვა, ხოლო 2012-2017 წლებში მმართველმა "სოციალისტურმა პარტიამ" კი - 9%.
საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 48,4% შეადგინა.
დღეს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ფრანგი ამომრჩევლები ეროვნული ასამბლეის 577 წევრს მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ. კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, პირველ ტურში გამარჯვებული იქნება. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება.