სოზარ სუბარი - ლამის ომი გამოაცხადეს ჩვენი სტრატეგიული მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, არ მგონია სწორი იყოს და ამას აბსოლუტურად ვემიჯნები

სოზარ სუბარი - ლამის ომი გამოაცხადეს ჩვენი სტრატეგიული მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, არ მგონია სწორი იყოს და ამას აბსოლუტურად ვემიჯნები

ზოგადად, რაც ხდება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, როცა ლამის ომი გამოაცხადეს ჩვენი მეზობლის, სტრატეგიული მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, არ მგონია სწორი იყოს და ამას აბსოლუტურად ვემიჯნები, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.

გადაცემის ეთერში სოზარ სუბარს კითხვით მიმართა აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა ვიდადი ისგანდეროვმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას "მათი მოშორება სურს".

"ძალიან უცნაურია, როცა ბატონი ისკანდიროვი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი თავიდან მოშორება სურს, ასე რომ ყოფილიყო, ის ვერ მიიღებდა ლტოლვილის სტატუსს, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა სამინისტრომ ჩათვალა, რომ მას ეკუთვნის ლტოლვილის სტატუსი და ეს სტატუსი მან მიიღო. ის, რომ იგი არის ერთადერთი აზერბაიჯანელი, რომელმაც მიიღო ეს სტატუსი, ეს ფაქტი სწორია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რა დგას ამ ფაქტის უკან. სულ ხუთი შემთხვევაა განხილული, მათგან ოთხს ეთქვა უარი მარტივი მიზეზის გამო - მათ ჩადენილი ჰქონდათ დანაშაული, საუბარი იყო გარკვეულ შემთხვევაში ფულად მაქინაციებზე თუ თაღლითობაზე, ამას თავადაც აღიარებდნენ და მათ მიმართ არანაირი პოლიტიკური დევნა არ ყოფილა. ადამიანს, რომელსაც სურს ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავიდეს და თავი აარიდოს სასჯელს, არ აქვს საერთაშორისო დაცვა და მას ვერანაირი სტატუსი ვერ მიენიჭება. გარკვეული ნაწილის საქმის შესწავლა ახლაც მიმდინარეობს, გარკვეულმა ნაწილმა კი თავად თქვა უარი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრის თქმით, ისკანდიროვმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა ძალიან ცილისმწამებლური და არასწორი განცხადება მისი და მისი სამინისტროს მიმართ, თითქოს უწყების თანამშრომელი მას ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან მისი დაცვა შეუძლებელი იყო.

"მე კარგად მესმის მისი სურვილი, როგორც ჩანს, მასაც სურს გავიდეს სხვა ქვეყანაში. არ ვიცი ჰქონდა თუ არა მასზე თავდასხმების მცდელობებს ადგილი, რაზეც ამბობდა, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება. თუ განვიხილავთ, ყველაფერს ერთ მთლიანობაში, რომ ჩვენი სამინისტროს მიმართ ადგილი ჰქონდა ცილისწამებას და მეორე მხრივ ეს ადამიანი ასევე საუბრობს მასზე ვიღაცეები თავდასხმას აპირებდნენ, ეს ყველაფერი ჯდება ერთ კონტექსტში, რომ თუ ის დაამტკიცებს, რომ საქართველოში მისი ყოფნა არ არის უსაფრთხო, მაშინ მას ექნება შანსი მიიღოს თავშესაფარი რომელიმე სხვა ქვეყანაში, რომელშიც ალბათ მიუწევს გული. ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, რომ მასთან საუბარში პირადად ამაზე ღიად აქვს ბატონ ისკანდიროვს ნათქვამი", - აღნიშნა მინისტრმა.

აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა სოზარ სუბარს შეხვედრის თხოვნით მიმართა, რაზეც მინისტრმა თანხმობა განუცხადა. უფლებადამცველის ინფორმაციით, 19 მაისს ის გააფრთხილეს, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, რადგან მას ემუქრებოდა საფრთხე.

"მე მზად ვარ დაგიმტკიცოთ, რომ თქვენმა ორგანიზაციამ იცოდა, რომ ჩვენს წინააღმდეგ აზერბაიჯანის მთავრობა გარკვეულ ღონისძიებებს გეგმავდა. თქვენი ორგანიზაციის მხრიდან იყო აღნიშნულზე სიგნალები. ვიდრე სტატუსს მივიღებდი ჩემზე სამჯერ განხორციელდა თავდასხმა და ეს განვაცხადე შესაბამის უწყებებში. მე თქვენ მტკიცებულებებს წარმოგიდგენთ როცა შეგხვდებით", - მიმართა მინისტრს უფლებადამცველმა.

სოზარ სუბარს ისკანდიროვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და გაცხადებულ კითხვებზე ეჭვები აქვს. "ზოგადად, რაც ხდება დღეს ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, როცა ფაქტიურად დისკრედიტაცია ხდება და ლამის ომი გამოაცხადეს ჩვენი მეზობლის, სტრატეგიული მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, არ მგონია სწორი იყოს და ვემიჯნები ამას აბსოლუტურად. თუ რაიმე კონკრეტულ დაცვაზეა საუბარი ვინმეს მიმართ, ამაზე ქართული სახელმწიფო აგებს პასუხს, თუ თავდასხმაზეა საუბარი, როგორც ბატონი ისკანდიროვი ამბობს, ეს ფაქტი შესწავლილი იქნება, და დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, ამას წარადგენდა შესაბამის უწყებებში. თუმცა იქიდან გამომდინარე, რა განცხადებებიც მან გააკეთა ჩვენს სამინისტროსთან დაკავშირებით, შეიძლება გარკვეული კითხვები გამიჩნდეს დანარჩენზეც, რასაც ის სხვა უწყებების მიმართ და თავდასხმებზე ლაპარაკობდა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."