"შავი სია" ამერიკული კრიმინალური ტრილერია, რომელიც არხ "ენ-ბი-სი-ზე" 2013 წლიდან გადის. სერიალის მთავარი პერსონაჟი რეიმონდ რედინგტონია, იგივე რედი, რომელიც უმაღლესი ავტორიტეტის მქონე კრიმინალად გადაქცეული ყოფილი სამხედროა. რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მალვაში ყოფნის შემდეგ ის ნებაყოფლობით ბარდება გამოძიების ფედერალურ ბიუროს. "ეფბიაის" ის გაუმხელს, რომ მსოფლიოში ყველაზე სახიფათო კრიმინალების სიას ფლობს და მზადაა მათთან ითანამშრომლოს, თუ ხელშეუხებლობას მიანიჭებენ. აქედან იწყება საკმაოდ პროდუქტიული, მძაფრი და მუდმივად დაძაბული ურთიერთობა მთავარ პერსონაჟსა და შოუს სხვადასხვა გმირებს შორის.
რედის როლში მსახიობი ჯეიმს სპეიდერი თამაშობს, რომლის პერფორმანსიც კრიტიკოსების მხრიდან მუდამ ხოტბის შესხმის საგანი ხდება, ორჯერ კი "ოქროს გლობუსზეც" იყო ნომინირებული. საპილოტე სერიის რეჟისორი ჯო კარნაჰანი გახლავთ, რომელსაც მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გადაღებაში უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი გადაღებულია Smokin’ Aces, Pride and Glory, The A Team და The Grey. სერიალი უკვე ოთხ სეზონს ითვლის და მისი რეიტინგი საკმაოდ მაღალია. მაგალითისთვის, პირველ სეზონს საშუალოდ 15 მილიონი მაყურებელი უყურებდა, მეოთხე სეზონისთვის კი მაყურებელთა რიცხვი, რომლებიც ტელევიზიით, პირველივე ჩვენებისას უჯდებიან ეკრანს, 10 მილიონია.
#ჩაუჯექი ქართულ ენაზე სერიალს "შავი სია" ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე ტელეკომპანია GDS-ზე.