ანაკლიაში წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების 90%-ი დასრულებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მშენებლობა 20 მილიონი ლარით ფინანსდება და ზაფხულის სეზონის დასასრულს, ანაკლიის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექნება.
შესრულებული სამუშაოები და ობიექტზე მიმდინარე პროცესები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ დაათვალიერა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, ობიექტი სრულად აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკური დანადგარებითა და ადმინისტრაციული ოფისით. განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც წყლის ხარისხის კონტროლს ყოველდღიურად განახორციელებს.
სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარებისა ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. მშენებლობის ხარისხს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია, ქართველ კოლეგებთან ერთად უწევს კოორდინირებას.