ეროვნული გალერეის მმართველი, რომელიც ეზოს გვიდა - რას ყვება დიმიტრი შევარდნაძეზე ცნობილი მოდელი, რომელიც მხატვრის მემკვიდრეა

ეროვნული გალერეის მმართველი, რომელიც ეზოს გვიდა - რას ყვება დიმიტრი შევარდნაძეზე ცნობილი მოდელი, რომელიც მხატვრის მემკვიდრეა

გასული საუკუნის 30-იანმა წლებმა არაერთი ღირსეული ადამიანი შეიწირა, მათ შორის, დიდი ხელოვანებიც, ქართული კულტურის მოამაგეები. ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებელი დიმიტრი შევარდნაძე ერთ-ერთია, ვისაც უმკაცრესად გაუსწორდნენ.

ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებით, 1937 წელს შოთა რუსთაველის იუბილის აღსანიშნავად, თბილისში მეტეხის ტაძარი უნდა დანგრეულიყო და მის ადგილას რუსთაველის ძეგლი დადგმულიყო. გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მათ შორის, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და დიმიტრი შევარდნაძე. შევარდნაძე ჯერ მუზეუმის დირექტორობიდან გადააყენეს, შემდეგ პრესაში მის წინააღმდეგ სერიოზული კამპანია გაჩაღდა. ბოლოს - დააპატიმრეს და მუზეუმის ახალმა ხელმძღვანელმა შევარდნაძის მიერ გამოფენილი ექსპონატები მუზეუმის ეზოში საჯაროდ დააწვევინა.

დიმიტრი შევარდნაძე 1937 წლის დეკემბერში 51 წლის ასაკში დახვრიტეს. მისი რეაბილიტაცია 1956 წელს მოხდა.

...დაიბადა 1885 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელი ბახვში. 1906 წელს ქუთაისის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა, მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1920-იან წლებში თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში თბილისის რევკომის წარმომადგენელი იყო. მონაწილეობდა ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლა-რესტავრაციაში...

დიდია შევარდნაძის დამსახურება ნიკო ფიროსმანაშვილის შესწავლისა და მისი ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად ქცევაში, აგრეთვე ქართული ისტორიული ძეგლების დაცვაში. დიდი მუშაობა გასწია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის დაარსებისთვის. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული მხატვრობის ნიმუშების, სურათების გამოფენა-თავმოყრა-შესწავლა-პოპულარიზაციაში...

როგორც ამბობენ, დიმიტრი შევარდნაძის ცხოვრების ეპიზოდები ძალიან ჰგავს ქართულ მხატვრულ ფილმში - "მონანიება" ასახულ სიუჟეტს...

AMBEBI.GE ესაუბრა დიმიტრი შევარდნაძის ერთ-ერთ მემკვიდრეს, წარსულში ცნობილ მოდელსა და ტელესახეს, ქეთი ყიფშიძეს:

- დიმიტრი შევარდნაძის დედა და ჩემი დიდი ბაბუა და-ძმანი იყვნენ, - მისი მემკვიდრე - მე, ჩემი და და ჩემი ორი ბიძაშვილი ვართ, რადგანაც თვითონ მას და არც მის და-ძმას მემკვიდრე სამწუხაროდ, არ დარჩენიათ.

ჩემმა ბებიამ, ქეთო ჭელიძემ მოახდინა დიმიტრის რეაბილიტაცია, ის იყო ჩართული თავიდან ბოლომდე მის საქმეებში. მან მხატვარ ქეთო მაღალაშვილთან ერთად გადაარჩინა მხატვრის ნახატების და ხელნაწერების ნაწილი, რეაბილიტაციის შემდეგ ქეთო ბებიამ ეს ყველაფერი მუზეუმებს გადასცა, მხოლოდ მცირე ნაწილი დაიტოვა და შესაბამისად, ეს ყველაფერი მე და ჩემს დას გადმოგვეცა მოგვიანებით.

- დიმიტრი შევარდნაძის სახელს დღეს ეროვნული გალერეა ატარებს...

- 2012 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელი საქართველოს ეროვნული გალერეას დაერქვა. ის ხომ ეროვნული გალერეის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი მმართველი იყო. ამისთვის, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას მაშინდელ კულტურის მინისტრს ნიკა რურუას, ეს მისი ინიციატივა იყო. მან მეც ჩამრთო ამ ღონისძიების ორგანიზებაში, მითხრა, გაუზიარე ორგანიზატორებს, როგორ წარმოგიდგენია ღონისძიება და სხვადასხვა დეტალიო. რამდენიმე თვე ეროვნული გალერეის და კულტურის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ამ ღონისძიებისთვის ვმუშაობდით და 2012 წლის მაისში ეროვნულ გალერეას დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭა. ჩემი ბებია ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნებოდა და ვფიქრობ, მის წინაშე ვალი მოვიხადე, როდესაც ამ საქმეში ჩავერთე.

- რა ამბებს ჰყვებოდნენ ნათესავები მასზე?

- დიმიტრიზე რა ამბებიც ვიცოდი ბებოსგან, თითქმის ყველაფერი დაწერილია, ალბათ ახალს ვერაფერს ვიტყვი. ძალიან მომწონს ამბავი, როდესაც დიმიტრი ეროვნული გალერეის მმართველი გახლდათ და გალერეაში თითქმის ყველაფერს თვითონ აკეთებდა, ალაგებდა კიდეც. ერთ დღეს ვიღაც სტუმარი მისულა, დიმიტრი ეზოს გვიდა, სტუმარს დირექტორი უკითხავს, დიმიტრი კაბინეტისკენ გაუძღვა მას და როცა შევიდნენ, მაშინ გაეცნო. მახსოვს ბებია მიყვებოდა, რომ სტუმარი ამის ხილვით ძალიან გაკვირვებული დარჩა...

ასევე მახსოვს ისტორია, რომელიც მხატვარ ქეთევან მაღალაშვილის მოგონებებიდანაა და რომელიც რამდენიმე წლის წინ მისმა დისშვილმაც მომიყვა: "ერთ ღამეს დიტომ ჩემს კარზე დააკაკუნა, მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. მან დამიბრუნა ძმის სამკურნალოდ გადადებული ორი ათასი მანეთი, სეიფში შესანახად რომ მივაბარე, გადმომცა აგრეთვე თავის ჯიბის საათი. ეს საათი მის ბიძაშვილს გადავეცი, მაგრამ ქალმა მალევე უკან დამიბრუნა, მისი ადგილი შენთანააო... დიტო მალე დააპატიმრეს"... ამ ისტორიაში, დიმიტრის ბიძაშვილს რომ ახსენებს, ის ჩემი ბებო ქეთო ჭელიძეა, მე მისი სახელი მქვია.

მოკლედ, დიმიტრი შევარდნაძე ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის მსგავსად, კომუნისტური ეპოქის, იმ საშინელი დროის მსხვერპლი იყო. ბავშვობაში ბებია მიყვებოდა, რა უსამართლოდ მოექცნენ მათ ოჯახს და როგორ გააუბედურეს. ამიტომ, დიდი პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა და ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ საბჭოთა კავშირი, თავისუფალი აზროვნების და განვითარების მტერი იყო. ეს გრძნობა ყოველთვის მომყვება და არ მომწონს ის ადამიანები, რომლებიც იმ დროს მისტირიან, მგონია, რომ თავისუფლების ფასი არ იციან.

- რა გრძნობაა როცა ასეთი ადამიანის შთამომავალი ხარ?

- პირველ რიგში სიამაყის შეგრძნება გეუფლება, მერე პასუხისმგებლობა და რაღაც დოზით სიმძიმესაც ვგრძნობ, რადგან მისმა დახვრეტამ და ქვეყნის მოღალატედ შერაცხვამ, ჩვენს ოჯახს ძალიან დიდი კვალი დააჩნია. მაგრამ ძირითადად მაინც ამაყი ვარ და მგონია, ცოცხალი რომ ყოფილიყო და მოგვსწრებოდა, მოვეწონებოდით მეც, ჩემი დაც და ჩემი ბიძაშვილებიც. ჩემი ბიძაშვილი, ბაკურ ჭელიძე მისი ასლია, ძალიან ჰგავს. ჩემი აზრით, ჩვენ მისი ღირსეული შთამომავლები ვართ, ყველამ ვიცით იმ ღირებულებების ფასი, რისთვისაც დიტო იბრძოდა და რასაც შეეწირა კიდეც. თუმცა დღემდე ერთ რამეს ვნანობ, 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ძალიან გაგვიჭირდა, მისი გადაღებული ფირების გაყიდვა მოგვიწია და ამას ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვინანებ. იმ ფულით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი დავფარე და ეს მამშვიდებს, ალბათ თვითონაც იგივეს იზამდა-მეთქი...

- მოგვიყევი მისი და მხატვარის, ცნობილი პორტრეტისტის ქეთევან მაღალაშვილის სიყვარულის შესახებ...

- რაც შეეხება მისი და ქეთო მაღალაშვილის სიყვარულს, ბებო მიყვებოდა, რომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი: დიტო ძალიან ეხმარებოდა ქეთოს, სახელოსნოდ სახლიც კი დაუთმო. დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ ქეთო არ გათხოვილა და როგორც ამბობენ, ძალიან შეიცვალა...

ირინა აბესაძემ გამოიკვლია და წიგნიც კი გამოსცა დიმიტრი შევარდნაძეზე: "ქეთევან მაღალაშვილსა და დიმიტრი შევარდნაძეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ისინი არაოფიციალური ცოლ-ქმარი იყვნენ. დიმიტრი გარეგნობით არ იყო ლამაზი შესახედავი – პატარა ტანის, მხრებში ღრმად ჩამჯდარი თავით, თითქოს ოდნავ კუზიანიც კი, რასაც ის საშინლად განიცდიდა. მიმოწერებიც არსებობს, მიუნხენში სწავლის პერიოდში როგორ სწერს დედამისს, იქნებ ოპერაცია გავიკეთოო.

რაც შეეხება ქეთევანს, იგი კარგი გარეგნობის ქალბატონი გახლდათ, ძალიან ბევრს მოსწონდა, თუმცა, არ გათხოვილა და დიმიტრის ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მას აქვს მოგონებები იმ ბოლო დღეებზე... მათ მემკვიდრე არ დარჩენიათ. როგორც ყველა 1937 წელს დახვრეტილის, არც დიმიტრი შევარდნაძის საფლავი არის ცნობილი. ქეთევან მაღალაშვილი ძალიან კარგად ამბობს: მე დიმიტრის საფლავი აი, იქ, მეტეხზე მგონია".

- ბახვში მისი სიმბოლური სახლ-მუზეუმი არ არსებობს?

- მისი სახლ-მუზეუმი არ არსებობს, ყველაფერი მუზეუმებშია გაბნეული. სოფელ ბახვში, სადაც ის დაიბადა, იმ სახლში ცხოვრობდნენ - ბებიაჩემი და მამაჩემიც იქ დაიბადა. 2000-იანი წლების დასაწყისში რეჟისორმა ირაკლი მახარაძემ მომმართა, დიტოზე ფილმს იღებდა, ჩავედით ბახვში და ეპიზოდები იქაც გადავიღეთ. იმ დროს ბებო და ჩემი მშობლები უკვე გარდაცვლილები იყვნენ და ვიპოვე ბებოს დამალული ორი ტილო, რომელიც ალბათ დიმიტრის დაპატიმრების მერე დამალა, რადგან მთავრობამ მისი ნამუშევრების უმეტესი ნაწილი გაანადგურა. ერთი ტილო სახლში მაქვს და მეორე, ალექსი მესხიშვილის ფანქრით შესრულებული პორტრეტი - ბიძაჩემს ვაჩუქე. რაც შეეხება ბარნოვის 23 ნომერს, სადაც ის ცხოვრობდა, ამჟამად იქ ბიძაჩემი ცხოვრობს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი