გამიჩნდა ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ განუცხადა.
თორდიამ აღნიშნული ეჭვის გაჩენის გარემოებებზეც ისაუბრა.
"გუშინდელი დღიდან გამომდინარე, ჩემი ნდობა პროკურატურის მიმართ არის მინიმალურზე მინიმალური. ჩემი ეჭვი ეფუძნება იმ გარემოებებს, რაც გუშინ განვითარდა მას შემდეგ, რაც ჩემთან იყვნენ პროკურორები და დამისვეს შეკითხვები, მქონდა თუ არა დალეული ალკოჰოლური სასმელები, უკვე საღამოს კი ვიხილეთ განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა ოთარმა. გამიჩნდა დიდი ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად. ამას ემატება ის, რომ მის სახლში მობილიზებულია ფინანსური პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ღამის 2 და 3 საათზე მასთან იკრიბებიან და განიხილავენ რაღაც საკითხებს", - განაცხადა თორდიამ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, მას არც "ფინანსური პოლიციის და არც პროკურატურის არ ეშინია".
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეებში ჩემი მისამართით არა ერთი ბრალდება გაიჟღერებს, შესაძლოა ვიდეოებიც გავრცელდეს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ვერ შემაშინებს ვერც ფინანსური პოლიცია, ვერც პროკურატურა. მე უბრალოდ გული მწყდება, რომ სახელმწიფო უწყებები ჩართულია ერთ-ერთი ავაზაკის ქმედების "გაპრავებაში", - აღნიშნა თორდიამ.
თორდიას განცხადებით, აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა, რომელიც ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ჰქონდა, თბილისის მერიაში დაუკმაყოფილეს.
ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მერიასა და ფარცხალაძეს შორის კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებულ მასალებსაც მალე გაასაჯაროებს.
"ჩემი პრიორიტეტი არის ოთარ ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება. ჩემი პრიორიტეტი არ არის წუწუნი ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩემს სხვა მიდრეკილებებზე და ა.შ. მე მზად ვარ ამაზე ვისაუბრო მას შემდეგ, რაც ამ ადამიანს ვიხილავ იქ, სადაც მისი ადგილია. მე ამ დღეებში უბრალოდ ვერ შევძლებ პრესკონფერენციის ჩატარებას, ვინაიდან ექიმებმა ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი გამომიწერეს და მითხრეს, რომ ცუდი შედეგები მოჰყვება, თუ გონებრივი დატვირთვა მექნება და ვივლი. ნამდვილად არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის გულისთვის საფრთხის ქვეშ დავიყენო თავი, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება გამოტანილი საჯაროდ, მოვამზადებთ კარგად და ყველაფერს კარგად აგიხსნით... კორუფციული გარიგება ეხება ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთების ჩანაცვლებას და შემდეგ, სადაც ჩაანაცვლა იქ კიდევ დამატებით... ფაქტობრივად პირდაპირი წესით მოხდა ყველაფერი, რადგან პირდაპირ დაუკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც მან მოითხოვა მერიაში და გადასცეს მიწის ნაკვეთები. არც ერთი გოჯი მიწა მისი შრომით, მისი დაზოგილი თანხებით არ არის. ამას ყველაფერს გამოვააშკარავებთ", - აღნიშნა თორდიამ.
მისი თქმით, 2016 წელს სერიოზული არაფერი მომხდარა და არც არავინ დაშავებულა, თუმცა მისი წარმოჩენა სურთ აგრესიულ ადამიანად.
"სტრატეგია ჩამოაყალიბეს, 2016 წელს მომხდარი დაიხმარონ რომ ის ფაქტი, რაც ორი დღის წინ მოხდა გადაფარონ და ამას თან ლაიტმოტივად გაედოს ჩემი აგრესიული ნასვამობა. გამოაქვეყნონ, პრობლემა არ მაქვს. ის ადამიანები, რომლებიც ტრიალებენ ფარცხალაძის სახლში, ალბათ დავალებებს იღებენ, რომ მოწმეებზე განახორციელონ ზეწოლა და მიაცემინონ ჩვენებები, თუ როგორი აგრესიული ვარ. ახლა უნდა გამომიყვანონ მოძალადეც", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
მან არ დააკონკრეტა, რა ინცინდენტი მოხდა 2016 წელს.
ლაშა თორდიას განცხადებით, საგამოძიებო უწყებები ცდილობენ მის "მოქეიფედ" წარმოჩენას, ხოლო ოთარ ფარცხალაძის - "წიგნიერად".
"სამარცხვინოა, რომ თურმე ოთარ ფარცხალაძე იმყოფებოდა დაწესებულებაში, სადაც წიგნებს კითხულობდა და მე ვქეიფოდი, ვღრეობდი და ალბათ დაამატებენ, რომ "სამაგონს" ვსვამდი ან რამე მსგავსს", - განაცხადა თორდიამ.
თორდია ალადაშვილის კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გაწერეს.