პროფესიით ფსიქოლოგია და ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა, თუმცა, დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დიასახლისობასაც ახერხებს და ოჯახის წევრებს საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი კერძებითაც ანებივრებს. ნათია ფანჯიკიძე მშობლებზე, ოჯახურ ტრადიციებზე, უცხოურ სამზარეულოზე, დიეტების უარყოფით ზეგავლენასა და კულინარიასთან დაკავშირებულ თემებზე გვესაუბრება.
კულინარია, როგორც კულტურა ადამიანების შესახებ
- კერძები კულტურის გემოა, იმ კლიმატის, იმ ქვეყნის აზროვნებაა გემოსა და სურნელში გამოხატული. თავისთავად, იმდენად საინტერესოა, რომ მხოლოდ კვების აქტი არ გახლავთ, ბევრ რამეს გიყვება ადამიანებზე. ამდენად, სხვა ქვეყნების გემოების გასინჯვაზეც არ ვამბობ ხოლმე უარს. ჯერ კარგად ვაკვირდები, ვათვალიერებ, რა არის და მერე მივირთმევ. ვერ გეტყვით, რომ მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ საზღვარგარეთ ბევრგან ვარ ნამყოფი. მათ შორის, აშშ-ში წლების განმავლობაში ვცხოვრობდი. საკვების მხრივ, ყველაზე მეტად რითაც აღვფრთოვანდი, მექსიკური სამზარეულოა. რაღაცნაირად გემრიელი საკვებია, თავისი ბოსტნეულიან-ყველაფრიანად, ცხარეცაა, ჩვენს გემოვნებას წააგავს კიდეც, თან განსხვავებულია. ბერძნული სამზარეულოც მომეწონა. იქ ჩასვლისას მივხვდი, რომ თურმე ზღვის პროდუქტებზე ვგიჟდები. სახლში იშვიათად ვამზადებ, რადგან სუნი დგება და თავისი ოსტატობაც უნდა. მირჩევნია, სადმე სხვაგან მივირთვა, ოჯახში კი უფრო ტრადიციული კერძები გავაკეთო. ძალიან გვიყვარს ოჯახური სადილები, რადგან ყველანი ჭამის მოყვარულები ვართ და როცა გვცალია, მომენტს არ ვუშვებთ ხელიდან, რომ ერთად ვისადილოთ.
"ეფექტიანი არც ერთი დიეტა არ არის, რადგან ფსიქიკა განგაშს ტეხს"
- ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეულად ძლიერი დიასახლისი ვარ, მაგრამ ზოგი რომ ამბობს, კვერცხს და კარტოფილს ვერ შევწვავო, ასეც არ ვარ. თითქმის ყველაფერი ვიცი და რასაც ვამზადებ, ამბობენ, რომ გემრიელი გამომდის, ძირითადად კი ის, რაც მიყვარს - ცომეული, ოღონდ ტკბილი არა, ხაჭაპური, ღვეზელები და ა.შ. ცომთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, რაც ასუქებს. დიეტების კი "არ მწამს" და სასურველია, გახდომის მიზნით, ადამიანები მკაცრ დიეტას არ იცავდნენ. ეფექტური არც ერთი დიეტა არ არის, რადგან ფსიქიკა განგაშს ტეხს, როდესაც ჩვენ მას რაიმეს ვაკლებთ. თუ რომელიმე ნივთიერება დეფიციტში წავა, წარმოუდგენელია, ორგანიზმმა მისი ჭარბი ანაზღაურება არ დაიწყოს. აქლემივით, კუზში რომ იმარაგებს ცხიმს. ამიტომ, ფსიქიკის ამ განგაშის მდგომარეობაში მოყვანა, რომ ორგანიზმს რაღაც აკლდება, არასასურველია. შეიძლება ისეთ რამეზე ატეხოს განგაში, რაც სულაც არ გიყვართ. განაგრძეთ კითხვა