მოვუსმინე ადვოკატ გიორგი ფანცულაიას და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას აწყობს ეკლესიის შიგნით გარკვეულ პირთა დაპირისპირება, რაც ასე არ არის, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
როგორც ედიშერ ქარჩავამ აღნიშნა, შორენა თეთრუაშვილს არანაირი განცხადებით სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით არ მიუმართავს მთავარი პროკურატურისთვის, არამედ მთავარმა პროკურატურამ მასალებზე დაყრდნობით, დაადგინა მისი სამართლებრივი სტატუსი - დაზარალებული.
"საქართველოს საპატრიარქო არის ობიექტური პირის როლში, რომელიც აკვირდება ამ მოვლენებს. ვინაიდან ეს მტკიცებულებები უკვე გახდა საჯარო, გამოვიდა ხალხში, ამიტომ თვითონ ხალხმა უნდა შეაფასოს, თუ რამდენად არგუმენტირებულია დაცვის პოზიციები. რა თქმა უნდა, მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობა და სასულიერო პირის მიერ ასეთი გარემოებები, ჩვენთვის რა თქმა უნდა, გულსატკენია და ჩვენც ველოდებით, თუ რა იქნება საბოლოოდ, ობიექტურ ჭეშმარიტებას ვგულისხმობ", - განაცხადა ქარჩავამ.
როგორც ქარჩავამ აღნიშნა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ადვოკატი გიორგი ფანცულაია არ არის ჩამოყალიბებული ვერსიებზე, თუ რეალურად რა არის, "ამიტომ იშველიებს გაუთქმელობის ხელწერილს, რაც მას არ ზღუდავს".
"ახლა აგიხსნით რატომ - ვინაიდან თუ ქალბატონი შორენა იყო დაპირისპირებული მამა გიორგი მამალაძესთან, მაშინ მათ მიერ გაჟღერებული არგუმენტი, რომ 500 დოლარი უნდა გადაეცა და შემდეგ ენდო მას მამა გიორგი ციანიდის საყიდლად - ეს თავიდანვე უკვე აბსურდული გამოდის. ვინაიდან თუ ადამიანთან დაპირისპირება გაქვს და არ ენდობი, მაშინ ფულს რატომ იღებ რაღაც საწამლავის შესაძენად?", - განაცხადა ქარჩავამ.
მისივე თქმით, სინამდვილეში რა იყო და რა არ იყო, ამაზე პასუხი შეუძლია გასცეს მხოლოდ და მხოლოდ მამა გიორგი მამალაძემ. ედიშერ ქარჩავას განცხადებით, შორენა თეთრუაშვილმა ჩვენებაშიც დაადასტურა, რომ მას მამა გიორგი მამალაძესთან არანაირი პიროვნული დაპირისპირება, რაიმე ჩხუბი, კამათი, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არ ჰქონია.