უმსხვილესი ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა დროს შიშის ზარს სცემდნენ მსოფლიოს

უმსხვილესი ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა დროს შიშის ზარს სცემდნენ მსოფლიოს

2016 წლის 11 დეკემბერს თურქეთი ტერორისტული აქტების მორიგმა სერიამ შეძრა. სტამბულში ორი ბომბის აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა და 166 დაშავდა. დაღუპულთაგან 30 პოლიციელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტერაქტი სწორედ პოლიციის წინააღმდეგ იყო მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად ჯერ არავის აუღია, თურქეთის მთავრობამ მომხდარში ქურთები უკვე დაადანაშაულა. თურქეთისთვის "ქურთთა მუშათა პარტია" ტერორისტულ ორგანიზაციასთან არის გაიგივებული.

მსოფლიოში მრავალი ტერორისტული ორგანიზაცია არსებობს. ზოგიერთის სტრუქტურა და ქმედება დიდი მასშტაბებით გამოირჩევა. მათ შესაკავებლად რიგ სახელმწიფოებს სხვადასხვა დროს არმიის გამოყენებაც კი უხდებოდა.

IRA - ირლანდიის რესპუბლიკური არმია

1916 წელს შექმნილი ორგანიზაციის მიზანი ჩრდილო ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობის მოპოვებაა. თავისი არსებობის მანძილზე "ირა" ამ მიზნისთვის ყველა შესაძლო ხერხით იბრძვის.

აქტიურ მოქმედებაზე "ირა" 1919 წლის 21 იანვარს ორი პოლიციელის მოკვლის შემდეგ გადავიდა. 1970-80-იან წლებში "ირა"-ს და ბრიტანელ ძალოვნებს შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა. ორგანიზაციის წევრები პირველ რიგში პილიციის შენობებსა და ძალოვნების სატრანსპორტო საშუალებებს ესხმოდნენ.

1972 წლის მარტში ბელფასტში ორი აფეთქება მოხდა. 4 მარტს რესტორან "აბერკორნში", ერთ-ერთი მაგიდის ქვეშ დატოვებულ ჩანთაში ბომბი აფეთქდა. ტერაქტმა 2 ადამიანი იმსხვერპლა, 130 - დაშავდა. მეორე აფეთქება 20 მარტს დოუნგილ-სტრიტზე მოხდა. გაზეთ The News Letter-ის რედაქციის წინ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა 148 ადამიანი.

იმავე წლის 21 ივლისს ბელფასტში ერთდროულად 21 აფეთქება მოხდა. თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა "ირა"-მ აიღო, 9 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა. ორგანიზაცია ხისტი მეთოდებით მოქმედებდა. ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიუხედავად, აფეთქებებისა და თავდასხმების რიცხვი მხოლოდ იზრდებოდა.

1984 წელს "ირა"-ს სამიზნე პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი გახდა. ქალაქ ბრაიტონში ტერორისტებმა "გრანდ ოტელის" შენობა ააფეთქეს, სადაც რკინის ლედი იყო გაჩერებული. ტეტჩერი უვნებელად გადარჩა.

2005 წელს "ირა"-მ შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტის ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო და კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებაზე გადაერთო.

ЕТА, Euskadi Ta Askatasuna - ბასკების ქვეყანა და თავისუფლება

გენერალ ფრანკოს დიქტატურის წინააღმდეგ მოქმედი ЕТА 1959 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის წევრებმა პოლიციის განყოფილებებზე, ჯარისკაცების ყაზარმებზე, რკინიგზის სადგურებზე დაიწყეს თავდასხმები. 1960-იან წლებში ЕТА-ს რევოლუციური ტერორის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 1973 წელს მათ ძალზე თამამი ნაბიჯი გადადგეს - ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე, ადმირალი ლუის ბლანკო მოკლეს.

ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, კონფლიქტის მოსაგვარებლად, მთავრობამ ბასკეთს წარმოუდგენელი უფლებების ავტონომია მისცა. მიუხედავად ამისა, ესპანეთის მასშტაბით აფეთქებები გრძელდებოდა. ყოველი მორიგი ტერაქტის წინ ЕТА-ს წევრები პოლიციაში რეკავდნენ და მოსალოდნელი აფეთქების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ.

ჰამასი - ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა

ორგანიზაციის წევრ პალესტინელ ისლამისტებს და ფუნდამენტალისტებს ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ - ისრაელის განადგურება და მის ადგილას პალესტინის ისლამური სახელმწიფოს აღმოცენება. 1987 წლიდან (დაარსების თარიღი) მოყოლებული "ჰამასი" ღაზას სექტორში და მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე მოქმედებს.

პირველი მსხვილი ტერაქტი "ჰამასმა" 1995 წელს მოაწყო. ორი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 22 ადამიანი შეეწირა. კიდევ 69 დაშავდა. 2000 წლამდე "ჰამასის" მიერ ორგანიზებულ ტერაქტებს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ორგანიზაცია ერთნაირი ხელწერით მოქმედებდა - ხალხში გარეული თვითმკვლელი ტერორისტი თავს იფეთქებდა.

აფეთქებებთან ერთად "ჰამასი" თვითნაკეთი რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით ისრაელის ტერიტორიასაც აქტიურად ბომბავს. ამის აღსაკვეთად 2008 წლის 27 დეკემბერს ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია "ჩამოსხმული ტყვია" წამოიწყო.

ჰესბოლა - ალაჰის პარტია

ლიბანის შიიტური ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია, რომელიც ლიბანში რადიკალური ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზნით იბრძვის. 1982 წელს შექმნილმა ორგანიზაციამ იმდენს მიაღწეია, რომ 10 წლის თავზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 128-დან 12 მანდატი მოიპოვა.

ახლო აღმოსავლეთისთვის "ჰესბოლა" ახალ თავის ტკივილად იქცა. გაეროს, ისრაელის სპეცსამსახურებისა და თავად ლიბანის არმიის აქტიური ძალისხმევის მიუხედავად, ადრეულ ეტაპზევე ორგანიზაციის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა.

1983 წლის 18 აპრილს "ჰესბოლამ" პირველი მსხვილი ტერაქტი მოაწყო. ლიბანში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქებულმა დანაღმულმა ავტომობილმა 63 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 120 დაიჭრა. იმავე წლის 23 ოქტომბერს ფრანგი და ამერიკელი სამხედროების ყაზარმების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე სატვირთო ავტომობილი შევარდა. მძლავრმა აფეთქებამ 241 ამერიკელი და 58 ფრანგი ჯარისკაცი მოკლა.

"ჰესბოლა" სირიის ომშიც აქიუტად არის ჩართული და სამთავრობო ჯარების მხარეს იბრძვის.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"