მოზარდის მიერ მშობლის მკვლელობის და შემდეგ, მისი მეგობრების სადისტურმა საქციელმა ბევრ ადამიანს დააკარგვინა ჰუმანიზმი და ისინი მოითხოვენ, დამნაშავეები საკადრისად, რაც შეიძლება მკაცრად დაისაჯონ. რთულია, ასეთ დროს ადამიანების მოთხოვნას წინ აღუდგე და მოზარდების დაცვა სცადო, რადგან მათი საქციელი მართლაც, ყოველგვარ ზღვარს ასცდა - ამ ახალგაზრდების მიერ გამოჩენილი სისასტიკე შემაძრწუნებელია. არადა, მახსოვს, რამდენიმე წლის წინ საზოგადოება მოზარდებს განსხვავებულობასაც ვერ ჰპატიობდა, ძველი თაობის წარმომადგენლები კი ეძებდნენ გზას, რომ მოზარდები შეძლებისდაგვარად დაეცვათ ცუდი საქციელისგან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა...
უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ ოდესღაც ტაბუდადებულ თემაზე - რას აკეთებენ მოზარდები მაშინ, როცა საზოგადოების უმეტეს ნაწილს სძინავს? უკვე აღარ მალავენ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა სადისტური საქციელით (ცხოველის ან ფრინველის წამებით, რიგ შემთხვევაში კი ადამიანის წვალებით) ცდილობს იმ ენერგიისგან გათავისუფლებას, რომელიც მოსვენებას არ აძლევს...
რატომ უჩნდება მოზარდს სურვილი, ცოცხალ არსებას ტკივილი მიაყენოს, სასაფლაოზე იაროს და ბუდიდან ღამურის მსგავსად, მხოლოდ ღამით გამოვიდეს? მათი ქმედება არის მართლაც სადიზმის გამოვლინება, რომელიმე სექტის ზეგავლენა თუ უბრალოდ, ეს ერთგვარი გასართობია? როგორც უნდა გაგიკვირდეთ, თავად მოზარდები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი დროებითია, წარმავალია და ამის გამო პანიკის ატეხა არ ღირს. თუმცა, დრო რაც უფრო მეტად გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა მიელტვის განსხვავებულობას და იმისთვის, რომ გამორჩეული იყოს, გზად ყველაფერს ანადგურებს, მერე კი, როცა ჩიხში მოექცევიან, ამ ყველაფერს "სექტანტობას" აბრალებენ და ამბობენ, რომ რაღაც დაჯგუფებაში უნებურად აღმოჩნდნენ და იქ გონება გადაუტრიალეს. თუმცა, ამ სექტის შეფის ან შეკრების ადგილის მითითება ბევრ მათგანს უჭირს და ამიტომაც არის, რომ საზოგადოების წევრები ვერ ვხვდებით, ეს რეალობაა თუ უცნაური თამაში, რომლის გამოისობითაც, ახალგაზრდები თავსაც საფრთხეში იგდებენ და სხვებსაც პრობლემებს უქნიან.
გოგონას, რომლის ინტერვიუსაც ახლა შემოგთავაზებთ, წლების წინ შევხვდი. სიმართლე გითხრათ, მაშინ ჩემი რესპონდენტის გულახდილობაში ეჭვი შემეპარა, მაგრამ მერე მივხვდი - ამ ამბავში დაუჯერებელი არაფერია და დღევანდელი გადასახედიდან კი ვფიქრობ, რომ ახალ თაობას აუცილებლად სჭირდება დახმარება, რომ რეალური სამყაროდან ირეალურში არ გადაინაცვლონ და ისეთი შეცდომები არ დაუშვან, რომელიც არა მარტო მათ, არამედ ამ ახალგაზრდების გარშემო მყოფებსაც დააზარალებს... ამ გოგონამ, რომელიც ეგოდ გამეცნო, ვიდრე შევხვდებოდი, ჯერ მობილურზე დამიმესიჯა:
"იმედია არსებობ, მე ეგო ვარ, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ძლიერი. მინდა იმ მოზარდებზე გელაპარაკო, რომლებიც ჩემსავით, ღამეს სასაფლაოზე ათევენ. მართალია, ჩემი სამეგობრო წრე საკმაოდ ვიწროა, მაგრამ საინტერესო. დარწმუნებული ვარ, ის მოზარდები, რომლებიც ამას წინათ ტელეეკრანზე გამოჩნდნენ, ყალბები არიან, მე კი ნამდვილად ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ და მეგობრებთან ერთად, მთვარისა და ვარსკვლავების ცქერით ვტკბები... თუმცა, ზოგჯერ კატებს ჩვენც ვაწვალებთ, რადგან საამისოდ მიზეზი გვაქვს... დამიკავშირდი და გპირდები, გულახდილი ვიქნები".
როცა პასუხი დავუგვიანე, დამირეკა და მკაცრი ტონით მითხრა:
- რა იყო, ჩემი გეშინია და ამიტომაც არ დამირეკე თუ უბრალოდ, ეს თემა არ გაინტერესებს?
- ვინ ხარ?
- მე ის ვარ, ვინც მართლა ღამის ცხოვრებით, ღამურასავით ცხოვრობს და არა - უბრალო ჯამბაზი. იქნებ შემხვდე. გპირდები, არაფერი დაგიშავდება და ჩემთან ლაპარაკი ალბათ, ცოდვაშიც არ ჩაგეთვლება. უბრალოდ მინდა, მეგობრის დღიური გადმოგცე...
თავიდან მეგონა, გოგონა ვარდების მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან დამიბარებდა, მაგრამ შევცდი: პაემანი ლიტერატურულ კაფეში დამინიშნა. კიდევ ერთი მოულოდნელობა ისიც გახლდათ, რომ სხვა უცნაური იმიჯის მქონე მოზარდებისგან განსხვავებით, ის ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. საზოგადოების ყურადღებას მხოლოდ გახვრეტილი ცხვირითა და ენით (რომელიც ცხადია, თუ არ დაილაპარაკებდა, არც უჩანდა) იქცევდა.
ეგო:
- სანამ გაგეცნობოდი, აქეთ-იქით ისე იყურებდი, მივხვდი, უცნაური იმიჯის მქონე გოგონას ეძებდი. ასეა?
- რაღა დაგიმალო და, ასეა!
- მე დღისით ჩვეულებრივი, თანატოლებისგან არაფრით გამორჩეული იმიჯი მაქვს; სამაგიეროდ, საღამოს რომ შემხვდე, ვერ მიცნობ: შავი პარიკი მაქვს, რომლის ტარებაც ძალიან მიყვარს. საყურესაც შავს ვიკეთებ და მაკიაჟსაც. ჩემი ტანისამოსი ღამურას ფრთებს მოგაგონებთ. მოკლედ, სადმე რომ შემხვდე, დარწმუნებული ვარ, მაგრად შეგეშინდება, თუმცა არც ისეთი საშიში ვარ...
- ასე ჩაცმულ-დახურული სადმე მიდიხარ თუ...