"ბორჯღალოსნები" VS "საკურა" - 12 ნოემბერს, შევასრულებთ გამარჯვების ჰიმნს

"ბორჯღალოსნები" VS "საკურა" - 12 ნოემბერს, შევასრულებთ გამარჯვების ჰიმნს

შაბათს დიდი დღეა, ძალიან დიდი და ეს ასეა ყოველთვის, როცა მოედანზე "ბორჯღალოსნები" გადიან. კაცები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ და ბოლოს, მიუხედავად შედეგისა, თავაწეულები ტოვებენ სტადიონის. არავის ახსოვს,ერთი ქართველი მორაგბეც კი ვისაც ოდნავ მაინც დაეზოგოს თავი. როცა ეროვნული ნაკრების კვართს იცმევენ, იციან მისი ფასი და რაც მთავარია, ღირსება.

შაბათს, ქართული რაგბის ისტორიაში, სრულიად ახალი ფურცელი შეიძლება დაიწეროს. იაპონიასთან მოგებით, მსოფლიო რეიტინგში მეათე ადგილზე გადავინაცვლებთ, ეს მაშინ როცა ათი წლის წინ, იაპონიასთან თამაშიც კი, ოცნების სფერო იყო.

იაპონია რომ ძალიან ძლიერი გუნდია, 2015 წლის მსოფლიოს თასზეც დამტკიცდა, სადაც "საკურებმა" (იაპონელთა მეტსახელია), სამხრეთ აფრიკის უძლიერესი ნაკრები დაამარცხეს. მას მერე გუნდში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყეს და ჩვენთანაც რამდენიმე დებიუტანტით ჩამოვიდნენ, მაგრამ ეს სულაც არ გვაძლევს არხეინად ყოფნის უფლებას, რადგან იაპონიის ნაკრებში, თუ მოხვდი, თუნდაც დებიუტანტი იყო, უკვე უძლიერესი ხარ.

ივნისში, ოკეანეთის ტესტებზე, საქართველოს ნაკრების თამაშმა, მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. ზელანდიისთვის და სხვა ბობოლებისთისაც უხერხულ მეტოქეებს ტონგას და ფიჯს საკუთარ მოედანზე ვძლიეთ, ხოლო სამოასთან ფრედ დავასრულეთ თამაში (არადა იქაც მოგება შეგვეძლო). ბუნებრივა, ამ უდიდესმა წარმატებამ თამასა ძალიან მაღლა ასწია და ახლა, ნოემბრის ტესტებზე სამიდან ორი (იაპონია და სამოა), უასთუოდ უნდა მოვიგოთ, ხოლო 26 ნოემბერს, შოტლანდიაში ისე უნდა ვითამაშოთ, რომ ბევრისმნახველი შოტლანდიელი გულშემატკივარიც გაოცებული დავტოვოთ და ჩვენი თამაშით, კიდევ ერთხელ ხმაურიანად დავაკაკუნოთ ექვსი ერის კარზე.

ივნისის ტესტების და "ბორჯღალოსნების" თავდადებული თამაშის შედეგია ისიც, რომ მატჩამდე ორი დღით ადრე, ყველა ბილეთი გაყიდულია. შაბათს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი პირთამდე სავსე იქნება. ჩვენ გვიყვარს რაგბი და მეთექვსმეტე მოთამაშედ ყოფნა, შაბათსაც ისეთი მეთექვსმეტეები ვიქნებით, რომ სამურაების შთამომავლებსაც შევაძრწუნებთ.

ყველა ერთად შევასრულებთ ჩვენ ჰიმნს, მერე მთელი თამაშის მანძილზე გულმხურაველდ ვუქომაგებთ ჩვენს გმირებს, გამარჯვებით გავიხარებთ, მეტოქეს ტაშს დავუკრავთ და პატივს მივაგებთ ღირსეული მეტოქეობისთვის.

შაბათს, დიდი გამარჯვება უნდა გამოიჭედოს, გამარჯვება რომელიც, მომდევნო თაობებს გზას გაუკვალავს და ნელ-ნელა იმის დროც მოვა, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე საჩეპიონო გუნდით ჩავალთ, მანამდე კი 12 ნოემბერია, მეტოქე "ამომავალი მზის" ქვეყანაა, მაგრამ 12 ნოემბერს, ქართული მზე ამოვა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი