საქართველოს მასშტაბით 20:00 საათზე ყველა სარჩევნო უბანი დაიხურა. ხმის მიცემის პროცედურა უკვე დასრულდა. საქართველოში დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, აქედან თბილისის 18 და რეგიონების - 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა "საარჩევნო კოდექსით" განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
დღესვე ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ლაგოდეხსა და სენაკში კი, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.
20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ცესკო 21:00 საათზე გაასაჯაროებს. სწორედ ამ დროს არის დაგეგმილი ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში მომდევნო ბრიფინგი.
რაც შეეხება, წინასწარ შედეგებს, ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
"შემოსული ოქმების მონაცემები ოპერატორების მიერ სპეციალურ პროგრამაში იქნება შეყვანილი და ცესკოში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში, ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება პირველი წინასწარი შედეგები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით", - აღნიშნა ანა მიქელაძემ. მისივე ინფორმაციით, წინასწარი შედეგები შემოსული ოქმების მონაცემების მიხედვით ეტაპობრივად განახლდება.