ზევსისა და მნემოსინეს ასული 9 მუზა შემოქმედი ადამიანების ხშირი სტუმრები არიან. მწერლები და პოეტები პროზაული თუ პოეტური ნაწარმოებებით ანებივრებენ პლატონური სიყვარულის ობიექტებს ან მეორე ნახევრებს, რომლის გვერდითაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრება უწევთ. ჩვენს ქვეყანაშიც არაერთი სამაგალითო წყვილი ცხოვრობდა და ცხოვრობს. ბებია-ბაბუებისგან, ახლობლებისგან მოსმენილი მსგავსი ისტორიები, ყოველთვის სასიამოვნო მოგონებად ილექება ჩვენს მეხსიერებაში. ერთ-ერთი ასეთი დასამახსოვრებელი იყო შოთა ნიშნიანიძისა და თამარ ჩიჯავაძის სიყვარულის ამბავი და გადავწყვიტე მათ 43-წლიან თანაცხოვრებაზე მომეთხრო.
"ჟელეზნაია სტენკა"
მომავალი პოეტი, შოთა ნიშნიანიძე თბილისში, პლეხანოვზე, "დინამოს" სტადიონთან ახლოს დაიბადა და იქვე იზრდებოდა. ცელქი ბავშვი ყოფილა. გამორჩეულად უყვარდა ქართული და ისტორია. 37-ე სკოლაში სწავლობდა და იქ სხვა ბავშვებს შორის, შოთას ფოტოც იყო დაფაზე გამოკრული. ჭიდაობას მას შემდეგ დაანება თავი, რაც მხარი დაიზიანა. ფეხბურთი უყვარდა და თავადაც მისდევდა. ერთ-ერთ გუნდში თავდაცვაში #3-ით თამაშობდა და მეტსახელად "ჟელეზნაია სტენკას" ეძახდნენ.
მამა სამხედრო მსახური, ხოლო დედა დიასახლისი იყო. 5 წლისას მამა გარდაეცვალა და ქალი 3 ვაჟიშვილთან ერთად მარტო დარჩა. ძალიან უჭირდათ. ქალს უფროსი და ეხმარებოდა შვილების აღზრდაში. ბოლოს შოთა იშვილა კიდეც და თავისთან გადაიყვანა. დედობილი დიასახლისი გახლდათ, ხოლო მამობილი თბილისში რესტორნის მფლობელი. ფაქტობრივად, მას 2 დედა ჰყავდა და ორივეს "დედას" ეძახდა.
გამზრდელები გვარად მამაგეიშვილები იყვნენ. შოთა ამ გვარზე მაშინ გადავიდა, როცა მეცხრე კლასში სწავლობდა. მისი ლექსები პირველად რომ დაიბეჭდა, მაინც თავის ნამდვილ გვარს აწერდა ბოლოში. ნიშნიანიძის გვარი მაშინ აღიდგინა, როცა უკვე მეუღლეც ჰყავდა და შვილიც...
პირველი წარმატება
შოთა ნიშნიანიძე სკოლის პერიოდში მეგობრებს სასიყვარულო ლექსებს უწერდა, რომ იმ სტრიქონებით თავი შეყვარებულებისათვის მოეწონებინათ. ბარათაშვილის იუბილესთან დაკავშირებით, პედაგოგმა ბავშვებს ლექსები დააწერინა. მათგან რამდენიმე ამოარჩია და მათ შორის იყო მორის ფოცხიშვილისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები. ისინი მასწავლებელმა, ცნობილმა ლიტერატორმა, იოსებ ჭალელიშვილმა ერთ-ერთ გაზეთში დასაბეჭდად წაიღო, მაგრამ უშედეგოდ. იმ დროისთვის შოთას დედობილთან მოსკოველი ბიძაშვილი ცხოვრობდა. მას ლიტერატურულ წრეებში ბევრი ნაცნობი ჰყავდა და შოთას ლექსები "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში მიიტანა. 2 პატარა ლექსი გაზეთში დაიბეჭდა. შემდეგ იყო "ლიტერატურული გაზეთი", რაც პოეტის შემოქმედებითი გზის დასაწყისი გახდა.
თავმოწონება ლექსებით
ახალი თაობისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს და არ იცოდნენ, რომ იყო პერიოდი, როცა ქალები და ვაჟები საშუალო განათლებას ცალ-ცალკე იღებდნენ. შოთა და თამარი ერთმანეთს ოლიმპიადაზე, კლუბში შეხვდნენ. შოთა XI კლასში სწავლობდა, თამარი X კლასის მოსწავლე იყო. ერთმანეთისთვის მაშინ არაფერი უთქვამთ, ეს იყო მხოლოდ შეხვედრა, თუმცა იმ დღემ მათი მომავალი განსაზღვრა.
მომდევნო შეხვედრა საახალწლოდ მოხდა. მაშინ პირველად გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ შოთამ მეგობარს თამართან პატარა რვეული გაატანა, რომელშიც ლექსები ეწერა. ზოგს თამარს უძღვნიდა, ზოგიერთი კი მის გაცნობამდე ჰქონდა დაწერილი.
"ისინი ერთად დადიან"...
"ერთად დავდივართ" _ იყო ფრაზა, რომელსაც იმხანად შეყვარებულებზე ამბობდნენ ხოლმე. იმ დროს არ იყო იმდენი კაფე-ბარი, როგორიც დღესაა და წყვილები ერთმანეთს ძირითადად მეგობრების წრეში ან ქუჩაში ხვდებოდნენ. "ერთად სიარული" უბრალო შეხვედრებსა და სეირნობას გულისხმობდა. ავლა-ჩავლა მელიქიშვილზე რუსთაველის მიმართულებით და პირიქით. თუ ფული გამოჩნდებოდა, კინოთეატრშიც შეივლიდნენ.
მას შემდეგ, რაც შოთა ნიშნიანიძე და თამარ ჩიჯავაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე მოხვდნენ, "ერთად სიარული" დაიწყეს. სტუდენტობის წლები ლამაზ მოგონებად დარჩა და მალე დასრულდა, მაგრამ ისინი მაინც არ იყვნენ ერთად. ახალი და დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად, მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული რომ არ კმაროდა, ამას ორივე ხვდებოდა. ელოდნენ, მატერიალურად გამართულიყვნენ და ისე შეექმნათ ოჯახი. ... განაგრძეთ კითხვა