ნუკრი ქანთარია - თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომები თბილისში ჩატარდება

ნუკრი ქანთარია - თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომები თბილისში ჩატარდება

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ”ქართული ოცნება” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

როგორც ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურების დასრულების შემდეგ გახდება ნათელი სურათი, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი ”ქართული ოცნება” მომავალ პარლამენტში.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ საკონსტიტუციო ცვლილებებს უყრის კენჭს პირველ რიგში პარტია, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ქანთარიამ აღნიშნა, რომ ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა მოხდება, რომელიც კენჭისყრამდეა მისული.

”რა თქმა უნდა, განხილულია, რომ კონსტიტუციურად პარლამენტის ადგილმდებარეობა შეიცვალოს და გადმოვიდეს თბილისში. ვფიქრობთ, მართლები ვიქნებით, თუ დედაქალაქს დაუბრუნდება პარლამენტი. ძალიან ბევრი დრო, ხარჯი არის ამ გზაში. ძალიან ბევრი თითქმის შეეწირა კიდეც გზას, იყო ავარიებიც და ვერ ხერხდებოდა კომუნიკაცია. ქუთაისს დიდად არაფერი მომატებია პარლამენტის იქ ყოფნით. ეს საკითხი კენჭისყრამდეა მისული წინა პარლამენტის პირობებში. თუ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ნოემბერში, მაშინ საშემოდგომო სესიის მომდევნო სხდომა ჩატარდება თბილისში”, - განაცხადა ქანთარიამ.

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მსჯელობა იქნება ასევე კიდევ ორ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, ქორწინების საკითხსა და პრეზიდენტის არჩევითობაზე.

”წინა პარლამენტმა ვერ მოახერხა არათუ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, არამედ კომისიამაც ვერ შეძლო მუშაობა და საკითხებიც კი ვერ დააყენა, რაზეც ძალიან მწყდება გული. ვფიქრობ, ძალიან საჭირო საქმეა საკონსტიტუციო ცვლილებები. შეიქმნება კომისია და იმ საკითხებს, რომელიც კენჭისყრამდეა მიყვანილი - ეს იქნება ქორწინების საკითხი თუ სხვა, ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად ვუყრით კენჭს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, პრეზიდენტს აქვს ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია, ის არის საყოველთაო, სახალხო არჩევნებით არჩეული და მისი უფლებები არ შეესაბამება ამ ლეგიტიმაციას. აქ გვაქვს გარკვეული ნონსენსი”, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."