ბათუმის #69 ოლქის 1-ელ საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. სამართალდამცველებმა უბნის შესასვლელთან ადგილი დაიკავეს. არსებობდა ინფორმაცია, რომ ხმის დათვლის პროცედურები ჭიანურდებოდა, მიზეზად კი პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრები სახელდებოდა.
საჩივარი საკონტროლო ფურცელზე პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის უქონლობას უკავშირდებიდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ მაია ბლადაძემ განმარტა, აღნიშნული პროცედურული დეტალი იმის გამო გამოეპარათ, რომ დილით "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი ხმაურობდა და ხელს უშლიდა პროცედურებს, რის გამოც პატრულიც გამოიძახა.
საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი, რომელმაც უბნიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს პროცედურული დარღვევები, თუმცა არ არის იმ სახის დარღვევები, რის გამოც უბნის ბათილად ცნობის მოთხოვნა უნდა დადგეს.
საარჩევნო უბანთან მივიდნენ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. მმართველი გუნდის წევრს დავით ბაციკაძესა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელ ლევან ანთაძეს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშუალებდნენ და უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. უბანზე შესვლის უფლება მედიის წარმომადგენლებსაც არ დართეს. ხმის დათვლის პროცედურა ცესკოს წარმომადგენლების დახმარებით მიმდინარეობს. ამასთან, 1-ელ უბანზე დილით პოლიცია იყო გამოძახებული. აღნიშნულ უბანზე მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები.