"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნიკა მელია ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. როგორც მელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაახლოებით 40 წუთში იწყება არჩევნებისთვის ასევე მნიშვნელოვანი ეტაპი, ხმების დაცვის ეტაპი და ამიტომ ის ყველას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.
"სარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩა 40 წუთი. ეს 40 წუთი უკანასკნელი წლების განმავლობაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი 40 წუთია და მოვუწოდებ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მისცა ხმა, მაქსიმალურად გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებთან, რათა აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც გაუცნობიერებელ ნაბიჯებს დგამს და ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ მართვის სადავეები აქვს გაშვებული საბოლოოდ დავამარცხოთ. სულ რაღაც ასევე 40 წუთში დაიწყება არჩევნებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, ხმების დაცვის ეტაპი. მოვუწოდებ ყველა კომისიის წევრს, ყველა დამკვირვებელს, ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული. ეს არჩევნები მილიარდერ ივანიშვილს წაგებული აქვს და ამ ხმების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია ყველა ოპოზიციურად განწყობილ კომისიის წევრსა და თუ მოქალაქეს. ამიტომ ვიყოთ ძალიან ფხიზლად და მე დარწმუნებული ვარ, სულ რაღაც რამდენიმე საათში ჩვენ ვიზეიმებთ ივანიშვილის დამარცხებას", - განაცხადა ნიკა მელიამ.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016