ევგენი მაღლაკელიძე "ჰეროკრატიაში" ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ჟვანიას განასახიერებს. სამსახიობო გამოცდილება არ აქვს, სერიალში ბიზნესიდან მოხვდა. AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მაღლაკელიძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ მოუხდა "ნაციონალური" ხელისუფლების დროს ბიზნესის შეჩერება და როგორ მოხვდა ბიზნესიდან სატელევიზიო ფილმში:
- ბავშვები მივიყვანე "ჰეროკრატიის" კასტინგზე, იქ შევხვდი ბატონ გოგა ხაინდრავას და აღმოვჩნდი კინოსამყაროში. მინდა მას და მის მთელ ჯგუფს მადლობა ვუთხრა იქ შექმნილი გარემოსთვის. ისე მამხნევებენ ჩემი გუნდის წევრები, მგონია ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.
- ალბათ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობთ, ზურაბ ჟვანიას განსახიერების გამო? - რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა. როდესაც გავიგე როლზე ამიყვანეს, არქივიდან კადრები ამოვიღე, მინდოდა ბატონი ზურას ოჯახის წევრებს შევხვედროდი, უფრო მეტი დეტალი გამეგო მის შესახებ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.
- უფრო კონკრეტულად მოგვიყევით, რატომ გააჩერეთ თქვენი ბიზნესი?
- ექსპორტზე გამქონდა რაღაც საქონელი, მოთხოვნა იყო ამერიკიდან. ორი პარტია რომ გავიტანე, დამირეკეს და მითხრეს, ჩვენი პროდუქცია გაიტანეო. მე ვუთხარი არ ვარგა თქვენი პროდუქციის ხარისხი და მე ვერ გავიტან-თქო. უარი რომ ვთქვი, მოხდა რაღაცეები და საერთოდ მოვკალი ეს ბიზნესი. ჭიდაობას აზრი ნამდვილად არ ჰქონდა. ნაგავს ვერ გავიტანდი ექსპორტზე, ყოველი სიტყვის უკან პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ახლა აღვადგინე ჩემი საქმიანობა და ვცდილობ ახალი გზები გავჭრა.
- ახსენეთ, ხელისუფლებისთვის ადამიანი უნდა იყოს პრიორიტეტიო, "ნაციონალებისთვის" ასე არ იყო? - როცა მოუმზადებელი მოდიხარ ხელისუფლებაში, რაღაც ეტაპები არ გაქვს გავლილი, გიჩდება ძალაუფლების წყურვილი, გაგიჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, სწორედ ამის გამო იყო ჩადენილი დანაშაულები, რომელიც მომავალმა თაობებმაც უნდა გაითვალისწინონ. თბილისი პატარა ქალაქია და ვიცით ვინ რა გადაიტანა, ჩემს ირგვლივ ბევრმა ადამიანმა გაიარა რეპრესიები. მეც შემეხო გარკვეულწილად რეპრესია და ბიზნესი გავაჩერე. ეს ჩვენი ცხოვრება იყო, ეს ისეთი ცხოვრება იყო, პროტესტს თუ გამოთქვამდი, გეუბნებოდნენ, ეს ქვეყანას სჭირდებაო. ეს უფრო გამაფრთხილებელი ფილმია, როგორ არ შეიძლება შემთხვევით ადამიანებს მისცე ძალაუფლება. ამაზეა ფილმი, როგორ რყვნის და ასხვაფერებს ადამიანს ძალაუფლება.თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE