23 წლის ირანელი პეჯმან ნოზადი წლების წინ იძულებული გახდა, სამშობლო მიეტოვებინა და ახალი ცხოვრება დაეწყო.
მეორე სამშობლოდ ირანელმა ბიჭმა ჯერ გერმანია, მერე კი ამერიკი აირჩია, სადაც რამდენიმე ასეული დოლარითა და მწირი ინგლისურით ჩავიდა.
20 წლის შემდეგ პეჯმანი "სილიკონ ველიზე" ერთადერთია, ვისაც მჭიდრო კავშირები და კონტაქტები აქვს ინვესტორებთან. ყველაზე ცნობილი ინვესტორებიც კი სიხარულით პასუხობენ მის ყველა ზარს. საუკეთესო მეწარმეები "მეორე მამას" ეძახიან. ნოზადი მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ კომპანიებში ფლობს წილს. თუმცა, ის იმ იშვიათ წარმატებულ ადამიანებს მიეკუთვნება, ვისაც არც უმაღლესი განათლება აქვს, არც რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში უსწავლია, არც მაგისტრის ხარისხი აქვს და არც დოქტორის, რაც როგორც წესი "სილიკონ ველზე" მყოფთა სავიზიტო ბარათია.
"აბსოლუტურად არანაირი ტექნოლოგიური განათლება არ მაქვს. ტექნოლოგიურ კომპანიაში ერთი დღეც კი არ მიმუშავია", - ამბობს პეჯმანი.
და მაინც, ამის მიუხედავად დღეს ნოზადი "სილიკონ ველის" გავლენიანი ვენჩურული ინვესტორია, რომლის ქონებაც 50 მილიონ დოლარს აღწევს.
ყველაფერი კი პალო ალტოში (ქალაქი კალიფორნიაში, "სილიკონ ველის" ისტორიული ცენტრი და არაოფიციალური დედაქალაქი) ხალიჩების გაყიდვით დაიწყო. თუმცა მანამდე, მომავალმა ინვესტორმა გრძელი გზა განვლო.
პეჯმან ნიზადი თეირანში გაიზარდა, 1980 წელს მისი ოჯახი იძულებული იყო ირანი დაეტოვებინა და საცხოვრებლად გერმანიაში გადასულიყო. მანჰეიმში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ, ნიზადმა სან ფრანცისკოში მცხოვრებ ბიძასთან წასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. სან-ფრანცისკოს რეისის თვითმფრინავში მომავალი მილიონერი 700 დოლარითა და დამტვრეული ინგლისურით ავიდა.
მისი პირველი სამსახური სან ხოსეში ირანელების სამრეცხაო იყო, სადაც ავტომობილების მრეცხავი იყო, მერე კი ყავის მაღაზიაში მტვირთავად დაიწყო მუშაობა. იქვე, მაღაზიის საწყობში ცხოვრობდა, ღამით კი ინგლისურს სწავლობდა.
1994 წელს ირანელ ემიგრანტს ამირ ამიდს, რომელიც პაოლო ალტოში ირანული ხალიჩების მაღაზიას ფლობდა, ხალიჩების გამყიდველის ვაკანსიასთან დაკავშირებით ნიზადმა დაურეკა და სამსახურში აყვანა სთხოვა.
"გაყიდვების გამოციდილება თუ გაქვს?", - ჰკითხეს გასაუბრებაზე. "არა, მაგრამ მომეცით შანსი", - მტკიცედ უპასუხა ნიზადმა.
5-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, უკვე გამართული ინგლისურით მოსაუბრე ნიზადმა ხალიჩების მაღაზიის მფლობელს დაუმტკიცა, რომ ხალიჩების საუკეთესო გამყიდველია და კომპანიას 5 წლის განმავლობაში 8 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა.