ვატო ლეჟავა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორად დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უნივერსიტეტების საზოგადოების ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, რექტორის თანამდებობაზე ვახტანგ ლეჟავა დღეს "ცოდნის ფონდის" დირექტორმა, ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ დანიშნა.
ვახტანგ ლეჟავა ბოლო 4 წელი თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი იყო. კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იგი "ცოდნის ფონდის" დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
ვახტანგ ლეჟავა ასევე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში. იგი კახა ბენდუქიძის თანამოაზრე და მოადგილე იყო ჯერ ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო შემდეგ რეფორმებისა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის დროს.
რაც შეეხება უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს ლაშა გოცირიძეს, ის უკრაინაში მიემგზავრება კერძო უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნებაში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდე დაწერა:
"ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევა და მიმზიდველი პროექტი არის უკრაინაში, კერძო უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნება, მისი ფაქტიურად ნოლიდან შექმნა. კონსულტანტის რანგით წელიწადზე მეტია ჩართული ვარ უკრაინის ამერიკული უნივერსიტეტის (American University of Ukraine) დაარსების საქმეში. პროექტის განვითარებასთან ერთად, საჭირო ხდება ჩემი უფრო მეტი ჩართულობა. მაქვს შესაბამისი შემოთავაზებაც. ამ ორი ძირითადი ფაქტორის გამო, გადავწყვიტე დავტოვო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. აგვისტოს თვეში დასვენების შემდეგ, საკმაოდ კარგი და საინტერესო უკრაინული გამოწვევის მიღებას ვაპირებ" - წერს გოცირიძე პირად გვერდზე.