რატომ ყრიან მატყლს თუში მეცხვარეები

რატომ ყრიან მატყლს თუში მეცხვარეები

დამწვარ და დიდი რაოდენობით გადაყრილ მატყლს თუშეთში ბევრგან ნახავთ, მათ შორის საავტომობილო გზის პირას. თუშური ჯიშის ცხვრის მატყლს, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და წლების წინ, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული იყო, მეცხვარეები ყოველწლიურად ტონობით ყრიან, რადგან რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ერთი კილოგრამი მატყლის გასაყიდი ფასი 50 თეთრია.

52 წლის ფრიდონ გაფრინდაული მეცხვარეობას ბავშვობიდან მისდევს. მისი თქმით, ვიდრე თუშეთი მოსახლეობისგან დაიცლებოდა, მატყლის მიმღები და დასამუშავებელი პუნქტები თუშეთშივე იყო და მეცხვარე ცხვრისა და ყველის გარდა, შემოსავალს მატყლის რეალიზაციიდანაც იღებდა.

"მატყლს აქვე ვაბარებდით და კარგი ფასიც ჰქონდა. დღევანდელი ანგარიშით,12-დან 15 ლარამდე ღირდა. ეს იყო 80-იან წლებში. მოთხოვნა და ფასი მას შემდეგ დაეცა, რაც რუსეთში აღარ გადის. თუშური მატყლი უხეშია და ძირითადად იქ გადიოდა, ჯარისკაცებისთვის იყენებდნენ. ევროპას უხეში მატყლი არ უნდა, ამიტომ მოთხოვნა აღარ არის. ცხვარს იმიტომ ვპარსავთ, რომ აწუხებს, თორემ საერთოდ არ გავპარსავდით. მატყლის დიდ ნაწილს ვყრით, ხარჯის მეტი არაფერი მოაქვს", - განუცხადა ფრიდონ გაფრინდაულმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

მისივე თქმით, ბოლო წლებში ცხვრის რაოდენობა შეამცირა.

"1000 სული ცხვარი მყავს. შევამცირე, რადგან აღარ არის იმდენი შემოსავალი, აღარც მწყემსია, აღარც მატყლს აქვს ფასი. მე ცხვარი სოფელ ვაკისძირში მყავს. აქამდე სამანქანო გზა არ მოდის. მატყლი ცხენს უნდა ავკიდო, სამანქანო გზამდე ჩავიტანო, მერე სატვირთო მანქანა ვიქირაო, 1000-1200 ლარს იღებს, გააჩნია როგორ მორიგდები. ბარში ჩატანილ მატყლში აზერბაიჯანელები 50 თეთრს იხდიან. სუფთა მატყლი 70 თეთრადაც იყიდება. აბა რა აზრი აქვს? ამიტომ მთაშივე იყრება და აქვე რჩება მატყლი", - ამბობს მეცხვარე.

გოგი ბექურაიძე ყოველწლიურად დაახლოებით 4-5 ტონა მატყლს ყრის. მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია მატყლი აღარ გაუყიდია, რადგან თუშეთიდან ბარში ტრანსპორტირება არ უღირს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა