"პატრიოტთა ალიანსმა" დღეს ქუთაისში საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ოპერის თეატრის წინ შეკრებილ საზოგადოებას ალიანსის წევრებმა ქუთაისის მაჟორიტარობის ორი კანდიდატი - ნინო ონიანი და გია ბახტაძე წარუდგინეს. დღესვე "პატრიოტთა ალიანსის" ხელმძღვანელებმა ოზურგეთისა და ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს. ბორჯომში პარტიის წარმომადგენელი ყოფილი "ქუჩის ბიჭი" ზურა ხაჩიძე იქნება, ხოლო ოზურგეთში - შოთა გოგიბერიძე.
მომღერალმა ზურა ხაჩიძემ მისი მაჟორიტარად წარდგენის შესახებ ფეისბუქ-საზოგადოებას ამცნო და სოციალური ქსელიდან მის მომავალ ამომრჩევლებსაც მიმართა:
"მიხარია, რომ "პატრიოტთა ალიანსმა", ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა გამომიცხადა ნდობა და წარმადგინა ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატათ! ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის და იმედი მაქვს ჩემი ბორჯომელების!" - წერს ხაჩიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.