"ცენტრ პოინტ აჭარის" გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი, რომელიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, რჩეულიშვილების ოჯახს წერილს უგზავნის. ჩარკვიანის მიმართვა ტელეკომპანია PALITRANEWS-ს ოჯახმა მიაწოდა:
"მაია, ნიკა, დარსო. ძალიან დიდ გაუგებრობაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუგებარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით. ვინაიდან, კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადება დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიით და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობას დავაღწიო თავი რაც შეიძლება მალე - დღეს, ხვალ" - ნათქვამია სალომე ჩარკვიანის წერილში.
სალომე ჩარკვიანის ოჯახი ელოდება, რომ რჩეულიშვილებისგან სალომე ჩარკვიანის უდანაშაულობის შესახებ განცხადება გაკეთდება. ოჯახის ახლობელის თამაზ გამცემლიძის თქმით, ჩარკვიანს თანხებთან არავითარი შეხება არ ჰქონია და არ გამორიცხავს, რომ გამოუცდელობის გამო მას, ხელმძღვანელობის დავალებით რაიმე დოკუმენტზე ხელი მოეწერა.
მთავარი პროკურატურა "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გუკა რჩეულიშვილს, "ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორს, ირაკლი მინდელს და გაყიდვების მენეჯერს, სალომე ჩარკვიანს ბრალი გუშინ წაუყენა. საგამოძიებო ორგანო მათ ბათუმში "ცენტრ პონტის" მიერ დაგეგმილი "თეთრი მაგნოლიას" მშენებლობის პროცესში, მენაშენეთა კუთვნილი, 20 მილიონ ლარზე მეტის გაფლაგვას ედავება.