ჟურნალი "გზა" 7 ივლისის ნომერში აქვეყნებს მასალას, რომელიც რამდენიმე წლის წინ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა და რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცების სიცოცხლე იმსხვერპლა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
"უჩვეულოდ ნესტიან ამინდს თოვა მოჰყვა. მამუკას ცხენი ღამით გარეთ დარჩა და პატრონმა მისი მოძებნა გადაწყვიტა: სამგლე ეგებ, ცოცხალი იყოს და სახლამდე მოვიყვანო. პენსიის დატარებისას გზას მიადვილებსო. მუხლამდე თოვლმა შეაფიქრიანა ორი შვილის მამა, - მარტო მე ვერ გადავკვალავ თოვლს, მეზობლებიდან რომელიმეს გავიყოლებო. სამეზობლოში ყველაზე დაუზარელი 18 წლის მინდია იყო. გამხდარ, მაღალ ჭაბუკს მგლის მუხლი ჰქონდა და გზად არც თავს შეაწყენდა ვინმეს ზედმეტი ლაპარაკით.
...მუხლამდე მომდგარ თოვლს მამუკა და მინდია მიარღვევდნენ. ალბათ, ოც კილომეტრამდე იარეს, მაგრამ ცხენს ვერსად მიაგნეს. არც მკვდარი ჩანდა და არც ცოცხალი. შორეულ ნათესავს შეუარეს ტყემლოვანაში, ცოტა სული ჩაიბრუნეს და ისევ დაადგნენ გზას.
გვიან საღამოს დედა წრიალებდა სახლში. მინდიას საქმე კარგად რომ იყოს, ახლა ის გარეთ არ იქნებოდაო. მეზობლები თვალებგაფართოებულები ანუგეშებდნენ, - ორი კაცია ერთად, რა გააჩერებთ დევებსო? იმ ღამეს კიდევ მოთოვა და საწოლებშიც ვერ გათბნენ,
ისე ყინავდა. დილამდე სული კბილით ეჭირა ოჯახსა და სამეზობლოს. უთენია გაიკითხ-გამოიკითხეს, - ხომ არ იცით, საით წავიდნენ ბიჭებიო? მთელი სოფელი ფეხზე დადგა. გეზი გაარკვიეს, მაგრამ ცხენის მძებნელები ვერც ცოცხლები ნახეს და ვერც გარდაცვლილები. მერე სრულიად შემთხვევით, მომზიანებულ გზაზე მამუკა გაყინული იპოვეს მგზავრებმა. სამი სოფლის კაცებმა თავდახრილად გატკეპნეს რვაკილომეტრიანი გზა და საკაცით მიასვენეს სახლში. მცირეწლოვანი ვაჟები ვერ ხვდებოდნენ, რატომ გაჰკიოდნენ დედა და ბებია, რატომ იყო მთელი სოფელი გახევებული და უხასიათო. მინდიას ვერ პოულობდნენ. დედა მწარედ მოთქვამდა, - ეგებ, შეშინებულია ჩემი შვილი და სადმე შეაფარა თავი მიტოვებულ შენობასო. ხავსის მობღაუჭებას ჰგავდა მისი იმედი. მერე ვიღაცამ გზის პირას, ყანის მარგილებთან თოფის ლულა შეამჩნია, - ეს უკვე თვალნათლივი სიკვდილის ნამკალი იყო...
სტატია სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 7 ივლისის ნომერში