ცოლ-ქმრულ ღალატს უამრავი ოჯახი და ადამიანის ბედნიერება ეწირება. ვიღაც მესამეს არსებობა არამარტო ანგრევს ოჯახს, ადამიანებს შორის ურთიერთობასაც აუკუღმართებს. ეჭვი, ბოღმა, ბრაზი თუ ტყუილი ოჯახის წევრებს შორის ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. რაც მთავარია, ამ ყველაფრის საბოლოო მსხვერპლი ბავშვები გამოდიან, რომლებსაც მოღალატე თუ შეურაცხყოფილი მშობლები სათანადო ოჯახურ ჰარმონიას ვეღარ უქმნიან. რა პასუხი აქვს ეკლესიას მოღალატეებისთვის, რას ურჩევს მათ, ვისაც ღალატობენ და ღირს თუ არა თვალის დახუჭვა მეუღლის ღალატზე თუნდაც ოჯახის შენარჩუნების მიზნით.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- რა შეხედულება აქვს ეკლესიას ცოლ-ქმრულ ღალატზე?
- წმინდა წერილი გაყრის მიზეზად ღალატს ასახელებს, ადამიანმა შეიძლება ცემა, გინება, ლანძღვა აიტანოს, მაგრამ ღალატი ყველაზე საშინელია.
- ღმერთის წინაშე აქვს, მნიშვნელობა ქალმა უღალატა ქმარს თუ ქმარმა ცოლს?
- ღვთის წინაშე სქესს ცოდვასთან მიმართებაში მნიშვნელობა არა აქვს. ორივე აღთქმას დებს ჯვრისწერის დროს, რომ სიკვდილამდე ერთგულნი იქნებიან ერთმანეთის.
- თქვენი აზრით, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ქალს ან მამაკაცს მეუღლის ღალატზე? რას ურჩევთ მას, ვისაც ღალატობენ?
- მრუშობა - ოჯახში დიდ ბზარს იწვევს.