რამდენიმე წელია როზა ერვანდიანი და ვიოლეტა დავთიანი ყოველდღე ჩხუბობენ. ამის მიზეზი უძრავი ქონებაა. თუმცა, ქონებრივ დავას უფრო შორს, პირად წყენამდე მივყავართ. 1974 წელს როზა ერვანდიანს ქალიშვილი ვიოლეტა გაუჩნდა. ახალშობილი გოგონა როზას დამ, ჯულიეტამ იშვილა. როგორც ვიოლეტა ამბობს, მაშინ დედამ მისი თავი ხალიჩის სანაცვლოდ დათმო. აქედან იწყება დედა-შვილის ისტორია, რომელთა შორის ურთიერთობას პატრული აგვარებს.
როზა ერვანდიანი ფიქრობს, რომ მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. მის დას არ ჰყავდა შვილი და მრავალშვილიანმა დედამ ერთ-ერთი შვილის დისთვის "ჩუქება" გადაწყვიტა.
"შენი და რომ მარტო იყოს, უპატრონოდ, არ აჩუქებ შვილს?" - მეკითხება როზა. გაშვილება ოფიციალურად, საბუთებით არ დაამოწმეს. ჩუქების შემდეგ, ვიოლეტა ჯულიეტასთან იზრდებოდა და გოგონა დედას დეიდას ეძახდა. პერიოდულად მათ ცხოვრებაში როზა ჩნდებოდა, თუმცა არა დედის სტატუსით : "საღამოთი მოვდიოდი სამსახურიდან, ცოტა ხნით ვჩერდებოდი და ისევ უკან მივდიოდი".
მოგვიანებით, როზამ თავის ბიოლოგიურ შვილს, ვიოლეტას გლდანში ბინა გადაუფორმა. პირობის თანახმად, სიბერეში მასზე შვილი იზრუნებდა. პრობლემები 2013 წელს ჯულიეტა ერვანდიანის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ერთადერთი ძაფი, რომელიც დედას შვილთან აკავშირებდა, გაწყდა. ვიოლეტამ დედის ნაჩუქარი ბინა გაყიდა და როზა სახლის გარეშე დარჩა. ვიოლეტა ერვანდიანი ამბობს, რომ მას ჰქონდა სრული უფლება, გაეყიდა ბინა. იმ მომენტში მისი ბიოლოგიური დედა აღნიშნულ ბინაში არ ცხოვრობდა. დედა, რომელსაც ის დედად არასდროს აღიარებს, მის ცხოვრებაში ბინის გაყიდვის შემდეგ გამოჩნდა."ჩემს მეუღელსთან ერთად ახალქალაქში ვცხოვრობდი, ის გარდაიცვალა და თბილისში დაბრუნება მომიწია. აქ კი ჩემი ბინა გაყიდული დამხვდა," - პასუხობს შვილის პოზიციას დედა.
40 წლის შემდეგ, ცხოვრება ერთ ჭერქვეშ ბიოლოგიურმა დედა-შვილმა პირველად დაიწყო. თუმცა, შვილის მიერ სახლში გამოყოფილი კუთხე და პირობები 80 წლის მოხუცისთვის საცხოვრებლად მოუხერხებელი აღმოჩნდა. სახლში სარემონტო სამუშაოები არ არის დასრულებული. გზა როზას ოთახამდე წვრილ ფიცარზე გადის. მოხუცი ამბობს, რომ შვილი არ აძლევს საკვების მომზადების უფლებას. დედა-შვილი ყოველდღე ჩხუბობს. დედა ამბობს, რომ შვილი რომელიც წლების წინ გააჩუქა, დღეს მასზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებს. "უნდა, რომ მომკლას", - ამბობს როზა.
პატრული მათი სახლის კარებთან კვირაში რამდენჯერმე დგას. თუმცა როზაზე ძალადობის ფაქტები სამართალდამცველებმა არ დაადასტურეს. როზამ საჩივარი სასამართლოშიც შეიტანა.
"საოჯახო სამართალი, ყველაზე რთული მიმართულებაა" - ამბობს იურისტი ანა სამსონია. ხშირად, სამართლებრივი ნორმების მაღლა ოჯახური ღირებულებები დგას.
"ჩუქების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი დასაჩუქრებულის განსაკუთრებული უმადურობაა, რომელიც უნდა დასტურდებოდეს. სამოქალაქო კოდექსი ასევე სხვა ბევრ ნორმასაც ითვალისწინებს, რომელიც მოსამართლემ ერთობლივად უნდა განიხილოს. ერთ-ერთი ნორმაა მშობელი, რომელიც შვილს არ არჩენდა და არ ახორციელებდა მის მოვალეობებს. თუმცა მეორე ნორმაა, რომელიც ამბობს, რომ სრულწლოვანმა შვილმა უნდა იზრუნოს იმ მშობელზე, რომელიც არის სარჩოს გარეშე და არის შრომისუუნარო".
როგორ მოაგვარებს დავას დედა-შვილი, რომელთა კავშირი დაბადების პირველივე დღეებში წყდება და 40 წლის შემდეგ გრძელდება, დრო გვიჩვენებს. როზა შვილისგან ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს ითხოვს. შვილი დედას დაკარგულ წლებს ვერ პატიობს.
ეკა მელიქიძე
AMBEBI.GE