"ახლა გვაქვს სახლი, რომელსაც სტიქია ვერ მოერევა" - როგორ ცხოვრობენ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულები დღეს

"ახლა გვაქვს სახლი, რომელსაც სტიქია ვერ მოერევა" - როგორ ცხოვრობენ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულები დღეს

13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი დღემდე დაკარგულია. სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და "მზიურის" პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.

უცბად მოსულმა წყალმა ყველაფერი წაიღო და ხალხი სახლების და წლების მანძილზე ნაგროვები ქონების გარეშე დარჩა. გარეთ დარჩენილი მოსახლეობა დროებით სასტუმროებში გადაანაწილეს, მოგვიანებით კი, ზოგს მთავრობამ გადასცა ბინა, ზოგს კი ბიზნესმენები დაეხმარნენ, ზოგი ახლაც ელოდება საკუთარ ჭერს. ერთ-ერთი  ვინც სტიქიით დაზარალებულების დახმარების სურვილი გამოთქვა, ბიზნესმენი რომან ფიფია იყო. სტიქიიდან სამ თვეში, 5 ოჯახს გარემონტებული, საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ავეჯით შევსებული ბინები გადაეცათ. აღნიშნული ოჯახები შეირჩა იმის გამო, რომ ისინი ვერ მოხვდნენ სახელმწიფო დახმარების პროგრამაში და რომლებსაც ფინანსურად ყველაზე მეტად უჭირდათ.

სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, დავინტერესდით სად და როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც სტიქიამ ყველაფერი წაართვა.

ნინო გველესიანი: "ჩვენ წყნეთისხევში ვცხოვრობდით, სტიქიის ღამეს აბსოლუტურად ყველაფერი დავკარგეთ, რაც ტანზე გვეცვა მხოლოდ ისღა შეგვრჩა, ნემსი რომ ნემსია, ისიც არ გამოგვიტანია სახლიდან. საშინელება იყო, წყალს მიჰქონდა ყველაფერი. ამის შემდეგ, სასტუმროში გადაგვიყვანეს, სადაც დაახლოებით ერთ თვე ვცხოვრობდით, შემდეგ ქირით ვცხოვრობდით საბურთალოს ქუჩაზე, ოქტომბრის ბოლოს კი, ბიზნესმენმა რომან ფიფიამ 5 ოჯახს ზემო ფონიჭალაში ბინები გვიყიდა. ამ ადამიანის წყალობით, დღეს გვაქვს საკუთარი სახლი და გარეთ არ ვართ დარჩენილები".

რაფაელ მნაცაკანიანი: "13 ივნისის სტიქიამ ყველაფერი წაგვართვა. მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად წყნეთისხევში ვცხოვრობდი. სტიქიის ღამეს პირადად მე სახლში არ ვიყავი, ღმერთის წყალობით ჩემი ოჯახი დროულად გამოვიდა სახლიდან. წყალმა კი ჩვენი სახლი წაიღო, ამის გახსენებაც კი ძნელია".

მურმან ლიპარტელიანი: "ახლა რომ ვიხსენებ, რა საშინელება ხდებოდა იმ ღამეს, წყალს მიჰქონდა ყველაფერი... სამწუხაროდ ჩვენი სახლიც წაიღო... სტიქიის ღამეს მე სახლში არ ვყოფილვარ, ჩემი შვილი იყო, ჯერ არ გამოდიოდა გარეთ, მაგრამ სახლმა შლამით გავსება რომ დაიწყო, გარეთ გამოვიდა, რაც ეცვა იმით, ყველაფერი წყალმა წაიღო. სახლიც არ გვქონია, ფიცრული გვქონდა, და ისიც წყალმა წაგვართვა. სტიქიის შემდეგ განცხადება დავწერე, რომ სახლი არ მქონდა და ის ოჯახაშენებული ბიზნესმენი, რომან ფიფია დაგვეხმარა. რამდენიმე მეზობელს გვიყიდა, მე და ჩემი შვილი ახლა იქ ვცხოვრობთ. მინდა აქედან ვუთხრა მადლობა ბატონ ფიფიას".

ხუდედან სარდარიანი: "სტიქიის ღამეს მოსულმა წყალმა ჩემი სახლი მთლიანად წაიღო. ამის გამო, პირველ კატეგორიაში შეგვიყვანეს. იმ ღამეს ოჯახთან ერთად სახლში ვიყავი, საბედნიეროდ დროულად გამოვედით, თავს ვუშველეთ, თუმცა ყველაფრის გარეშე დავრჩით. თავიდან სასტუმროში გადაგვიყვანეს, მოგვიანებით კი, ბიზნესმენმა ფიფიამ ბინა გვაჩუქა. ახლა გვაქვს სახლი, რომელსაც სტიქია ვერ მოერევა".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი