საქართველოში თხევადი აირის ბაზარი მეტ კონტროლს მოითხოვს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აბსოლუტურად არ მოწმდება ავტოცისტერნებით შემოტანილი გაზის ხარისხი, რაც მომხმარებელს საფრთხეს უქმნის. გარდა იმისა, რომ იმპორტირებული პროდუქტი შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს, პრობლემაა წონასთან დაკავშირებითაც.
თხევადი აირი, ძირითადად, რუსეთის ტერიტორიიდან, ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონიდან შემოდის, არ კონტროლდება და ხშირ შემთხვევაში, საბუთების სისწორეც ეჭვს იწვევს.
საქართველოში საყოფაცხოვრებო გამოყენების თხევადი აირი (LPG) ნავთობპროდუქტს წარმოადგენს, არ იწარმოება და ბაზარი მთლიანად იმპორტირებული გაზით მარაგდება.
აღნიშნული პროდუქტის ძირითადი მომწოდებლები არიან აზერბაიჯანი და რუსეთი, იშვიათად შემოდის პროდუქტი ერაყიდანაც. 2015 წელს თხევადი აირის იმპორტმა შეადგინა 14.7 ათასი ტონა, ხოლო 2018 წლის იანვარ-აპრილში - 28 ათასი ტონა.
როგორც წესი, თხევადი აირი გამოიყენება საყოფაცხოვრებო საცხოვრებელ სახლებში საკვების მოსამზადებლად და გასათბობად და ასევე ავტომობილების გამართვის მიზნით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში თხევადი აირის მოხმარება სულ უფრო მცირდება, რაც გაზიფიცირების პროცესს უკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ გეოგრაფიულად და სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო ბუნებრივი აირის მიყვანა ყველგან ვერ ხერხდება, ჩვენს ქვეყანაში თხევადი აირის იმპორტი ქვეყანას მუდმივად დასჭირდება. ტრანსპორტირება ხდება რკინიგზით ვაგონ-ცისტერნების მეშვეობით და ავტოცისტერნებით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ხშირად არის პრობლემა ხარისხთან დაკავშირებით, ამიტომ თხევად აირს განსაკუთრებული კონტროლი სჭირდება.
"გაზის გამოყენება, ძირითადად, სახლის პირობებში ხდება. უხარისხო პროდუქციის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რაც შეეხება წონასთან დაკავშირებულ საკითხს, საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების დარღვევაა. ამ დროს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს არ იხდიან, რაც საბოლოოდ ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას განაპირობებს.
სხვა მდგომარეობაა, როცა პროდუქტი სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნებით შემოდის. ამ შემთხვევაში ის შეესაბამება მომყოლ დოკუმენტაციას როგორც ხარისხით, ასევე წონით, რადგან მათი გავსება და საბაჟო საბუთების მომზადება ხდება პირდაპირ მწარმოებელ ქარხნებში", - განმარტავენ ორგანიზაციაში.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის, ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, საქართველოში თხევადი აირი იყიდება ყოველგვარი ტექნიკური რეგლამენტების დაცვის გარეშე. ამ დროს იგი ცეცხლსაშიშია და მეტ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.