აწყურის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი განმარტებით, ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
აწყურის ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, ნაქირავებ ბინაში შვილსა და რძალთან ერთად ცხოვრობდა. "რძალი არასრულწლოვანი გოგონაა. მას ჩემთან ვაწყებინებდი მუშაობას, ვასწავლიდი. რამდენიმე დღე იარა, გუშინ კი ქმარმა მოაკითხა და მთხოვა, ცოტა ხნით გამეთავისუფლებინა. გავატანე მაღაზიის ტელეფონი და ვუთხარი, რომ თუ დამჭირდებოდა, დავურეკავდი. დღეს დილით შემოვიდა და ქმრისთვის სიგარეტი იყიდა. ვუთხარი, თუ ჩემთან მუშაობას აპირებ, ვერ იქნება ისე, რომ ყოველ თხოვნაზე წახვიდე-თქო და ვთხოვე, თუ არ აპირებ მუშაობას, ტელეფონი დამიბრუნე-თქო. მან მითხრა, აუცილებლად მოვალო და დაამატა, ჩემს ქმარს პრობლემები აქვსო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველმა.
მისივე თქმით, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში გოგონა აღარ გამოჩნდა, გარეთ გაიხედა და დაინახა, რომ სახლთან ლენტი იყო გავლებული და ადგილზე პოლიციელები მუშაობდნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი წაიყვანეს, თუმცა მათთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე.
თბილისში, აწყურის ქუჩაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.