"სველი" პრობლემა

"სველი" პრობლემა

ტანსაცმელზე დარჩენილი საშინელი ლაქები, უსიამოვნოდ ცივი და სველი ხელები, ოფლით დაცვარული შუბლი

- ყოველივე ეს, ჰიპერჰიდროზის ანუ ჭარბი ოფლის გამოყოფის პრობლემით გამოწვეულ უსიამოვნებათა ის არასრული ჩამონათვალია, რომლის წინაშეც ალბათ, ნებისმიერი ადამიანი დამდგარა. თუ მსგავსი უსიამოვნებები ხშირი არ არის და მათი გამომწვევი მიზეზებიც გარკვეულია (მაგალითად, თუ საგადასახადო ინსპექტორმა მოულოდნელად მოგაკითხათ...), მაშინ შეშფოთების მიზეზი არ გაქვთ. მაგრამ როცა ოფლიანობა ხშირი და უმიზეზოა, მას უთუოდ, სერიოზული მიხედვა სჭირდება, რადგან ჰიპერჰიდროზით გამოწვეულ დისკომფორტს, თავის მხრივ, კიდევ უფრო სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების - ნევროზის, დეპრესიის და თვით სოციალური დეზადაპტაციის გამოწვევაც კი შეუძლია.

რატომ გვასხამს ოფლი?

ჰიპერჰიდროზი დედამიწის მოსახლეობის 1-დან 5-მდე პროცენტს აწუხებს.

არსებობს პირველადი და მეორადი ჰიპერჰიდროზი. უკანასკნელის მიზეზს სხვადასხვა (ხშირად ინფექციური და ენდოკრინული ხასიათის) დაავადებები წარმოადგენს და მათგან განკურნების შემდეგ, მომატებული ოფლიანობაც მცირდება. პირველადი ჰიპერჰიდროზის დროს კი საქმე ბევრად უფრო რთულადაა, რადგან მისი წარმოშობის მიზეზები დღემდე დაუდგენელია.

ყველაზე უფრო ხშირად, ხელისგულებისა და ფეხისგულების, შემდეგ კი იღლიების ჰიპერჰიდროზი გვხვდება. შედარებით იშვიათია სახის, თავის თმიანი ნაწილისა და ზურგის მოჭარბებული ოფლიანობა. ჰიპერჰიდროზი ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს და ის ქალებსა და მამაკაცებს თითქმის ერთნაირად აწუხებს. ასევე არსებობს თანდაყოლილი ჰიპერჰიდროზიც.

საერთოდ, ოფლის გამოყოფა ორგანიზმის თერმორეგულაციის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. კანის ზედაპირიდან აორთქლებული ტენი სხეულს აგრილებს. საოფლე ჯირკვლების მოქმედება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მეშვეობით რეგულირდება. ტემპერატურის მომატების საპასუხოდ, ნერვული უჯრედები იმპულსს გადასცემენ ჯირკვლებს და ისინიც შეკუმშვის გზით ოფლს გამოყოფენ. პირველადი ჰიპერჰიდროზის დროს სწორედ ეს რეგულაციის პროცესი ირღვევა. ჭარბი ოფლის გამოყოფას სტიმული შეიძლება, ნებისმიერმა მოულოდნელმა გამღიზიანებელმა - სტრესმა, აღელვებამ, გარკვეულმა სუნმა ანდა გემომაც კი მისცეს. ყველაზე შეუფერებელ მომენტში გაოფლიანებული ხელებისა და ტანსაცმლის გამო კი მათი პატრონი, თავის მხრივ, ახალ სტრესს იღებს და მანკიერი წრეც იკვრება. გარდა ამისა, ნოტიო გარემო ბაქტერიების გამრავლებასაც უწყობს ხელს და შედეგად კიდევ ერთი, დამატებითი პრობლემა - უსიამოვნო სუნი ჩნდება.

როგორ ვიმკურნალოთ?

იღლიის საფენი

ოფლისგან ტანსაცმლის დასაცავად, გასულ საუკუნეებში ტენგაუმტარ იღლიის საფენებს იყენებდნენ, რომლებსაც სახელოებქვეშ აკერებდნენ. ამჟამად სპეციალური ქსოვილისგან დამზადებული საფენების მთელი ნაკრებები არსებობს.

ჰიპერჰიდროზთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული საშუალება - დეზოდორატორ-ანტიპერსპირანტებია. მათ შემადგენლობაში ოფლის გამოყოფის დამთრგუნველი ნივთიერებები (ალუმინის, ტყვიის, თუთიის, რკინის მარილები, ფორმალდეგიდი, ეთანოლი) შედის. ბევრი ანტიპერსპირანტის შემადგენლობაში ასევე შედის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, რაც თავის მხრივ, უსიამოვნო სუნს აქრობს. კარგი ანტიპერსპირანტი პრაქტიკულად, სრულად აქრობს ჰიპერჰიდროზის გარეგნულ გამოვლინებებს და მარტივი მოსახმარიცაა.

მინუსები: ანტიპერსპირანტის ეფექტი შეიძლება, ძალზე ხანმოკლე იყოს, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალმა ნივთიერებებმა კი ზოგჯერ ალერგია გამოიწვიოს.

ჩხვლეტით

ანტიპერსპირანტების არაეფექტურობის შემთხვევაში შეიძლება, ბოტულიზმის გამომწვევი, შერბილებული ტოქსინის - ბოტოქსის ინიექციას მივმართოთ. ეს პრეპარატი წვრილი ნერვული დაბოლოებების პარალიზებას იწვევს და საოფლე ჯირკვლების მუშაობას ეწინააღმდეგება. ჭარბი ოფლის გამოყოფის ზონას ბოტოქსით ჩხვლეტენ, რაც საკმაოდ ხანგრძლივ (5-7 თვემდე) ეფექტს იძლევა.

მინუსები: ამ ვადის გასვლის

შემდეგ პროცედურა ხელახლა უნდა გაიმეოროთ. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს