"ლისაბონის ღამე" - ემიგრაციის, პაციფიზმის და ტრაგიკული სიყვარულის რემარკისეული ამბავი ქართველი მკითხველისთვის

"ლისაბონის ღამე" - ემიგრაციის, პაციფიზმის და ტრაგიკული სიყვარულის რემარკისეული ამბავი ქართველი მკითხველისთვის

...ევროპა მეორე მსოფლიოს ომის ზღვარზეა. ნაციზმი მძლავრობს, ხალხებსა და ქვეყნებს აჩანაგებს, ადამიანებს კი ართმევს უკანასკნელს - პატივს და ღირსებას, აიძულებს მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადაიხვეწონ. ერიხ მარია რემარკის "ლისაბონის ღამის" გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი თითქოს თავად გვევლინება მთხრობელის როლში და გვიამბობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე, რომლებიც ცდილობენ ამ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ ადამიანური სახე, საკუთარი მრწამსი და იმედი, რომ ოდესმე ეს ჯოჯოხეთი უთუოდ დასრულდება", - ასე ახასიათებენ ერიხ მარია რემარკის "ლისაბონის ღამეს" გამომცემლობა "პალიტრა L"-ში, რომელმაც ნაწარმოები ქართულ ენაზე პირველად გამოსცა.

გამომცემლობის მთავარი რედაქტორის, ნინო დეკანოსიძის თქმით, წიგნის გამოცემის მთავარი მიზეზი ქართველი მკითხველის რემარკის ნაწარმოებებისადმი მაღალი ინტერესი და ავტორის სიყვარული იყო. მისივე განმარტებით, რემარკის შემოქმედებით მკითხველთა თაობების დაინტერესებას რამდენიმე მიზეზი აქვს. თავად გამომცემლობა "პალიტრა L"-ის რედაქტორისთვის კი ყველაზე საინტერესო, ავტორის მიერ ე.წ. "დაკარგული თაობის" ადამიანებზე აქცენტის გაკეთებაა: "რემარკი წერს სრულიად ადამიანურ თვისებებზე. წერს მარტივად. ის სიღრმისეული მწერალია, მაგრამ თავისი სიღრმეებით არ გაწუხებს, წერს სიყვარულზე, რომელიც, ალბათ, კაცობრიობისთვის ერთ-ერთი მიღწევაა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მასზე წერა უნდა ყველას და ამ თემაზე კითხვაც ყველას უყვარს.

ყველაზე საინტერესო ჩემთვის არის "დაკარგული თაობის" ადამიანებზე წერა, "დაკარგული თაობის" ცალკეულ პერსონაჟებზე, რომლებიც მთელი თაობის კრებით სახეს წარმოადგენენ. ეს შეიძლება იყოს ემიგრანტი, ომის უბედურებით ფსიქიკაშეცვლილი გმირი და ა.შ. მაგრამ ისინი ყველანი "დაკარგული თაობის" ადამიანები არიან", - ამბობს "პალიტრა L"-ის რედაქტორი.

"ლისაბონის ღამის" მთარგმნელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი ნანა გოგოლაშვილია. როგორც მთარგმნელი მიიჩნევს, გერმანელი ავტორის შემოქმედებაზე მნიშვნელოვნად აისახა მისივე ბიოგრაფია: "რემარკმა გაიარა ფაშიზმის მანქანის ტალღაზე, შემდეგ ამერიკაში ემიგრაციაში იყო და ძალიან ბევრი ავტობიოგრაფიული მომენტი აქვს თავის შემოქმედებაში. მე ვთარგმნე "შავი ობელისკი" და იქაც არის ჰიტლერის მოსვლის წინა პერიოდი, ნაჩვენებია თუ რა მდგომარეობა იყო გერმანიაში, აღწერილია პოლიტიკური სიტუაციები. ეს კაცი არის ძალიან დიდი პაციფისტი - ომის მოწინააღმდეგე და თავის ყველა ნაწარმოებში ავლენს ომის საშინელ მხარეებს - როგორ ცვლის ადამიანების ცხოვრებას ომი და გვაჩვენებ მის საშინელ შედეგებს", - აღნიშნავს ნანა გოგოლაშვილი.

მთარგმნელის თქმით, რემარკს პერსონაჟების ემოციების გადმოცემის განსაკუთრებული უნარი აქვს, ამასთან დასძენს, რომ რომანის განსაკუთრებულობის ერთ-ერთი მიზეზი მისი დასაწყისია: "ეს განსაკუთრებული ნაწარმოებია. თითქოს კრიმინალისტური რომანის დასაწყისი აქვს, მკითხველი იდუმალ გარემოში შეჰყავს და პირველსავე გვერდებიდან იპყრობს მკითხველის ყურადღებას".

ნანა გოგოლაშვილის თქმით, რომანის მთავარი სათქმელი ავტორის მოწოდებაა ადამიანების მიმართ, იყვნენ ერთმანეთის გვერდით, გაუფრთხილდნენ და უყვარდეთ ერთმანეთი: ადამიანები უნდა უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს, მიუხედავად გაჭირვებისა, საშინელი ტანჯვისა და აუტანელი, არაადამიანური ფიზიკური თუ სულიერი ტკივილებისა. ადამიანებს ერთმანეთი უნდა გამოჰყავდეთ ამ გაჭირვებიდან და რომ სიყვარული არის ის მარადიული ძალა, რომელიც ყველა სიტუაციაში ამარცხებს ბოროტებას. ეს არის სიკეთისა და ბოროტების მარადიული თემა. ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ სიკვდილამდე ერთმანეთს მხარში უდგანან და უყვართ ერთმანეთი", - ამბობს მთარგმნელი და დასძენს, რომ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მკითხველს სურვილი უჩნდება მუდმივად იკითხოს ასეთი საოცარი ლიტერატურა.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ქართველ მკითხველს უკვე შესთავაზა ერიხ მარია რემარკის "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა", "ტრიუმფალური თაღი", "შავი ობელისკი", "ნასესხები სიცოცხლე", "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", "დაბრუნება". ამჯერად კი მკითხველი პირველად შეძლებს ქართულ ენაზე წაიკითხოს რემარკის "ლისაბონის ღამე", რომელიც პირველად 1961 წელს გამოქვეყნდა.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს