უკრაინის მთავრობის მეთაური არსენი იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ მან თავის დღევანდელ მიმართვაში განაცხადა.
იაცენიუკის განმარტებით, პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს. "პეტრო პოროშენკოს ბლოკის საპარლამენტო ფრაქციამ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურა წარადგინა. გავაკეთე რა ყველაფერი სტაბილურობისა და კურსის უწყევეტობისთვის, ვაცხადებ გადაწყვეტილებას, გადავაბარო მთავრობის მეთაურის უფლებამოსილება", - განაცხადა იაცენიუკმა.
მისი განმარტებით, უფრო ფართოდ ხედავს თავის ამოცანებს, ვიდრე ეს მთავრობის მეთაურის უფლებამოსილებაა. "ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, საკონსტიტუციო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ახალი მთავრობის კურსზე კოალიციური კონტროლი, უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა და მისი ევროკავშირისა და ნატოს წევრობა - ეს ყველაფერი ჩემი პროგრამის ნაწილია", - აღნიშნა გადამდგარმა პრემიერმა. მანვე "სახალხო ფრონტს" მისი გადაწყვეტილების მხარდაჭერა სთხოვა და განაცხადა, რომ "სახალხო ფრონტი" კოალიციაში რჩება.