11 წლის თეკლა ჯაოშვილი თანატოლებისგან გამორჩეული ბავშვია. ის ფენომენური ნიჭითაა დაჯილდოებული. უცნაურია ამბავი, რომელიც ამ ბავშვის დაბადებას წინ უძღვოდა, ექიმების მიერ დასმული მძიმე დიაგნოზი, შვილიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლი ბებიის სიმტკიცე, გერმანიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში გატარებული 5 წელი და 700 საათი ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ. დანარჩენს ჩემი რესპონდენტები თავად გვიამბობენ. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია.
თეკლა:
- მუცლად ყოფნის დროს ექიმებმა დამიდგინეს, რომ ხერხემალზე სიმსივნე მქონდა. 7 თვის ვიყავი, როცა გერმანიაში წამიყვანეს და 5 წელი სამეცნიერო კვლევით ცენტრში მმკურნალობდნენ. ამ ხნის განმავლობაში დღე და ღამე მეძინა. დასხივება, ქიმიოთერაპია, ოპერაცია, არაერთი პროცედურა ჩამიტარეს.
ფეხმძიმობის ბოლო თვეებში, თეკლას დედას ყველა ექიმი ნაყოფის მოშორებას ურჩევდა. ფეხმძიმობის შეწყვეტის წინააღმდეგი ბებია, ნატო ხარებავა იყო. ის ნუმეროლოგი გახლავთ, პროფესიით ექიმი-ენდოკრინოლოგია. სჯეროდა, რომ ბავშვი იცოცხლებდა. გერმანულ სამეცნიერო კვლევით ცენტრში სწორედ მისი ძალისხმევით აღმოჩნდა. მაშინდელი გერმანული პრესა თეკლას შესახებ ხშირად წერდა. დაავადების უნიკალურობიდან გამომდინარე, მას გერმანიის მოქალაქეობა მიენიჭა.
ნატო ხარებავა:
- ექიმები ამბობდნენ, ახალშობილი გარდაიცვლებაო. მე ვამბობდი, რომ ბავშვი იცოცხლებდა. თეკლას დღევანდელი მდგომარეობა დაავადებამ, მისმა ტანჯულმა სხეულმა განაპირობა. 7 დეკემბერს უნდა დაბადებულიყო და 23 ნოემბერს საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა ქვეყანას. თავდაპირველად ფეხმძიმობის პერიოდი უპრობლემოდ მიდიოდა, როდესაც გავარკვიე, რომ ნაყოფს პრობლემა ჰქონდა, ჩემი შვილი ამ ქვეყანაში ყველა ცნობილ სპეციალისტთან მივიყვანე. ყველამ სხვადასხვა დიაგნოზი დაწერა, მაგრამ ყველა შეთანხმდა, რომ ორსულობა უნდა შეწყვეტილიყო. რადგან ქეთი (თეკლას დედა) არასრულწლოვანი იყო, აბორტის გასაკეთებლად დედის ხელმოწერა იყო საჭირო. მე უარზე ვიყავი. ასეთი ბავშვი უნდა მომეკლა? არ დავნებდი, ორსულის სისხლის ანალიზი გავგზავნე გერმანიაში, ისრაელსა და საფრანგეთში. ყველამ სხვადასხვა დასკვნა დაწერა, მაგრამ ყველა თანხმდებოდა, რომ ეს არის უიშვიათესი სიმსივნის ჯგუფი და მასთან მსოფლიო მედიცინა უძლურია. გერმანულმა კვლევითმა ცენტრმა მომწერა, რომ ცენტრში მოსათავსებლად 1 მილიონი ევრო იყო საჭირო. ღმერთმა ხომ თქვა, ხელი გაანძრიე და გეშველებაო? კონკიას ზღაპარს ჰგავს, მაგრამ მე მილიონი ევრო ვიშოვე.
"ვარძიაში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, იქ არის ორმოები, გუშაგები ამ ორმოების თავზე დგებოდნენ და მტერი თუ გამოირბენდა, ზემოდან ხმალს არჭობდნენ"
- როგორ?
- 60.000 დოლარად ბინა გავყიდე, გერმანიაში ჩავედი და ტელევიზიის სარეკლამო დრო ვიყიდე. სულ 2-ჯერ გამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. რამდენიმე საათში ეს თანხა ჩემს ანგარიშზე იდო. თეკლას მკურნალობა ერთ-ერთმა გერმანელმა დააფინანსა. 7 თვის იყო, გერმანიაში რომ წავიყვანე.
მამა გაბრიელს ვიცნობდი, თეკლა ყოველ დილით მცხეთაში დედამისს მიჰყავდა და მამა გაბრიელის საფლავზე აწვენდა. არც საჭმელს ითხოვდა, არც წუხდა, არც ტიროდა... მანამდე თეკლას დედა სალოცავად ლომისის წმინდა გიორგის სალოცავში ყოფილა და ლომისის ჯაჭვი უტარებია. ხატი, რომელიც სალოცავიდან ჩამოიტანა, კლინიკაში თეკლას სასთუმალთან ჰქონდა. 7 წლის არ იყო, რომ მითხრა, - 5 წელი მეძინა, სასთუმალთან ეს ხატი მეკიდა, ესა და ეს დაავადება მაქვს, ეს ყველაფერი ვნახეო. ლამის "ყბა ჩამომივარდა". ერთ დღეს შუმერულად წერა დაიწყო. ისტორიკოსებთან მქონდა შეხვედრა და მითხრეს, - ფენომენთან გვაქვს საქმეო.
- 5-წლიანი "ძილის" შემდეგ მეტყველება ჩვეულებრივად დაიწყო?
- ექიმები თეკლაზე ამბობდნენ, რომ ის ვერ მოშარდავდა, დეფეკაცია ვერ ექნებოდა, მეტყველებაზე აღარ იყო ლაპარაკი და ბავშვმა ყველაფერი ერთდროულად დაიწყო. ჯამში 700 საათი ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ აქვს გატარებული. სიმსივნე ზურგის ტვინთან ახლოსაა. ის მსოფლიო ონკოიმუნოექსპერტიზის რეესტრის სერტიფიკატის მფლობელია. ადგილმდებარეობითა და რემისიული კუთხით, უიშვიათესი სიმსივნური ჯგუფის დაავადების მქონეა. წაიკითხეთ სრულად