წინათ, ხულოს რაიონის მოხუცები კუთვნილ პენსიას რაიონის ცენტრში არსებულ ბანკში იღებდნენ. ამ დღეს ცენტრში უამრავი ადამიანი იყრიდა ხოლმე თავს. ფულს აიღებდნენ, ჯიბეში საიმედოდ შეინახავდნენ, ჯგუფ-ჯგუფად დადგებოდნენ და ახალ ამბებს ერთმანეთს უზიარებდნენ. პენსიონერებთან საუბარი და ხუმრობა ერთ ხულოელ ახალგაზრდა მამაკაცს, ბესარიონს უყვარდა. დადგებოდა მოხუცებთან, მოუსმენდა, საუბარში ჩაერთვებოდა, ზოგს მართალს ეტყოდა, ზოგს - ტყუილს და საღამოს შინისკენ გახალისებული გაუყვებოდა ხოლმე გზას. ერთ დღესაც ასეთი თავშეყრისა და ლაპარაკის დროს, ერთ-ერთმა პენსიონერმა დაიჩივლა:
- 65 წლის კაცი ვარ, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე. შვილები დაბინავებული მყავს, ერთი ბათუმში ცხოვრობს, მეორე თბილისშია გათხოვილი, კარგად ცხოვრობენ და მეც მეხმარებიან. დიდი სახლი მაქვს, უზარმაზარი ეზო და ბაღი, უთვალავი ცხვარ-ძროხა. ეგაა, ქვრივი ვარ, 5 წლის წინ ცოლი გარდამეცვალა და მარტო ამდენ საქმეს ვერ ავუდივარ. ერთი ჩემსავით ახალგაზრდა, ჯანმრთელი ქალი რომ გამაცნო და ცოლად მომაყვანინა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.
- მერე, დედაის გაგირიგებ, - არ დაიბნა ბესარიონი, - იცი, რა კარგი დედაი მყავს, ახალგაზრდა, ლამაზი და ჯანმრთელი.
- გამირიგე, ღმერთი ნუ გაგიწყრება, - შეევედრა პოტენციური მამინაცვალი.
- მე კი გაგირიგებ, მარა დედაის დათანხმება გამიჭირდება. გადირევა, ეს ამბავი რომ ვუთხრა.
- ოღონდ შენ ეს ამბავი გამიხაზირე, მე არაფერს დავიშურებ, - პენსიონერმა ჯიბეში საიმედოდ გადანახული ფული ამოიღო და ბესარიონს ხელში ჩაუკუჭა.
ასე დაშორდნენ ერთმანეთს, მომავალ პენსიამდე და დათქვეს, რომ ერთი თვის შემდეგ ბესარიონი კარგ ამბავს მოუტანდა. ეს დღეც დადგა. მამიამ (ასე ერქვა ქვრივს) მორიგი პენსია აიღო და მოუთმენლად დაელოდა ბესარიონის გამოჩენას.
- რა ქენი, დაითანხმე დედაი? - ჰკითხა, როგორც კი მიუახლოვდა.
- დედაი კი დავითანხმე, მაგრამ ჩემი დაია წინააღმდეგი და ვერ ვითანხმებ.
- ოღონდ შენი დაი დაითანხმე და ეს პენსიაც შენი ფეშქაში იყოს.
ფულმა ამჯერადაც მამიას ჯიბიდან ბესარიონის მუჭში გადაინაცვლა და "პაემანი" კვლავ ერთი თვის შემდეგ დათქვეს...
- რა ქენი, დაითანხმე დაი? - მოუთმენლად ჰკითხა მამიამ.
- დაი დავითანხმე, მაგრამ ჩემი ძმაა წინააღმდეგი და რა ვქნა, არ ვიცი, - მოისაწყლა თავი ბესარიონმა.
მოვლენები ძველი სცენარით განვითარდა, ბესარიონმა მამიას პენსია მიისაკუთრა და დაჰპირდა, რომ ერთი თვის შემდეგ, ძმისგანაც მოუტანდა თანხმობას და დედასაც მიათხოვებდა. მამია გულდამშვიდებული და ჯიბეცარიელი მიუყვებოდა სოფლისკენ მიმავალ გზას და სახეზე ღიმილგადაფენილი მომავალ გეგმებს აწყობდა. როგორც იქნა, ის ერთი თვეც გავიდა და ბესარიონიც დათქმულ ადგილზე გამოცხადდა.
- დაითანხმე ძმა? - თვალები უციმციმებდა მამიას.
- ძმაი კი დავითანხმე, დაიც თანახმაა, დედაიც, მარა ამ ბაბაის (მამა) რაი ვუყო, ვერაფრით ვერ ვითანხმებ, დედაჩემი რომ გამოგატანოს, - ჯერ ახალგაზრდაა და მე თვითონაც მჭირდებაო.
იქ ისეთი ამბავი დატრიალდა, მტერს არ ენახოს. წინ ბესარიონი და უკან - მამია. ძლივს გაასწრო გაგიჟებულ პენსიონერს. როგორც ამბობენ, ის 3 თვის პენსია ბესარიონს კანფეტივით შერჩა, მამიამ კი მისი გაუთხოვარი მამიდა ითხოვა და დღესაც ბედნიერად ცხოვრობენ. ჭირი იქა, ლხინი - აქა.