"მისი მთავარი დამახასიათებელი თვისება თავდაჯერებულობაა. აქვს ნიჭი, ადამიანებში ნდობა გააღვიძოს. მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, ქოლერიკია. მასში არაა სისასტიკე, ხშირად გულუბრყვილო და ბავშვურად გულწრფელია. წყენას ადვილად ივიწყებს, საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიუალერსოს. მასავით არავის სჯერა სასწაულების", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ თაკო ცქვიტინიძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგიით დიდად დაინტერესებული არ ვარ და დღის ან კვირის პროგნოზს გართობის მიზნით თუ გავეცნობი. ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს. სხვათა შორის, ბევრი თანხვედრაც აღმომიჩენია.
- "მისი მთავარი დამახასიათებელი თვისება თავდაჯერებულობაა".
- ამას ჩემზე ვერ ვიტყვი. თავდაჯერებულობა მაკლია. სულ მგონია, რაღაცას ვერ ვაკეთებ ან კარგად ვერ გამომდის.
- "ის გარშემო მყოფებს რჩევას არასდროს ეკითხება, ყველაფერს საკუთარი ჭკუითა და ძალისხმევით აგვარებს".
- შეიძლება, სხვისი აზრი მოვისმინო, მაგრამ არ გავითვალისწინო.
- "აქვს ნიჭი, ადამიანებში მის მიმართ ნდობა გააღვიძოს".
- ეს თვისება მაქვს. ადამიანის მოსმენას ნიჭი უნდა, მე კი კარგი მსმენელი ვარ. ჩემში ერთგულებას ხედავენ. იციან, რაც სათქმელი არ არის, არ ვიტყვი. მიხარია, როცა ნდობას ვიმსახურებ.
- "უყვარს ადამიანებზე დაკვირვება".
- პროფესიიდან გამომდინარე, ვალდებულიც კი ვარ, ადამიანებს დავაკვირდე და მერე ეს დაკვირვების შედეგი სცენაზე, რომელიმე პერსონაჟზე აისახება.
- "მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, ქოლერიკია".
- სანგვინიკი (მეტისმეტად ხალისიანი, სიცოცხლით სავსე. - ავტ.) უფრო ვარ. მელანქოლია, შესაძლოა, რამდენიმე საათით დამეუფლოს. რაც შეეხება ჩემს ქოლერიკობას: მართალია, არის ხოლმე სიტუაციები, როცა ჩემში "ფეთქებადი" ხასიათი წინ იწევს.
- "უმჯობესია, წინააღმდეგობა არ გაუწიოთ, ამ დროს უფრო საშიში ხდება".
- მართალია, წინააღმდეგობას თუ წავაწყდები, ჩემში მეტი პროტესტი წარმოიშობა. ასეთ დროს ცოტა ხნით უნდა შემეშვა.
- "ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილია".
- ჩემს პრობლემებზე საუბარი და ადამიანებთან ურთიერთობისას იმის ხაზგასმა, რომ რაღაცას განვიცდი, ვნერვიულობ, არ მჩვევია. როდესაც მეკითხებიან, - როგორ ხარ? წუწუნს არ ვიწყებ. ვპასუხობ, - "ძალიან კარგად" და ამ დროს შესაძლოა, კარგად სულაც არ ვიყო. გარეგნულად მხიარული, ლაღი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. პრობლემები ვის არ აქვს და გამონაკლისი მეც არ ვარ. მეფიქრება, ვნერვიულობ, რაღაც მაწუხებს, მაგრამ ეს გარეგნულად არასდროს მეტყობა. შეიძლება, მხოლოდ უახლოესმა მეგობრებმა შენიშნონ, რომ ჩემკენ რაღაც კარგად ვერ არის. ... განაგრძეთ კითხვა