საქართველოდან ესპანეთში სტუდენტური გაცვლითი პროგრამით წასული არც ერთი სტუდენტი არ დაშავებულა. როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, ამჟამად ესპანეთში "ერასმუსის" გაცვლითი პროგრამით 2 ქართველი სტუდენტი იმყოფება, მათთან დაკავშირება მოხერხდა და ისინი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან.
თსუ-ს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, თეა გერგედავას ინფორმაციით, მიმდინარეობს ქართველი სტუდენტების შესახებ ინფორმაციით მოძიება.
"ამ დროისთვის, "ერასმუსის" მობილობით ესპანეთში 2 სტუდენტი გვყავს და ორივე მათგანი კარგადაა. მაგრამ გვყავს ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში სტუდენტები. "ერასმუსის" პროგრამით საქართველოდან წასულები არიან იტალიაში, პორტუგალიაში, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში, სლოვაკეთსა და ესპანეთში. ეს იყო "ერასმუსების" საერთო შეკრება, ფესტივალი. ამჟამად ვეხმიანებით ყველა ქვეყანაში გამგზავრებულ სტუდენტებს, თუმცა არ მგონია ვინმე რომ ყოფილიყო წასული. საეჭვო იყო ესპანეთი და იტალია, თუმცა ამ დროისთვის დასტურდება, რომ არც ერთი ამ ქვეყნიდან ქართველი სტუდენტთაგანი არ მიდიოდა აღნიშნულ ფესტივალზე", - განაცხადა თეა გერგედავამ.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბარსელონაში საქართველოს საკონსულო ესპანელ სამართალდამცველებთან მუდმივ კომუნიკაციაშია. "ამ ეტაპზე რა მონაცემებიც აქვთ ესპანელ სამართალდამცავებს, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან", - აღნიშნეს უწყებაში. მათივე ინფორმაციით, დეტალები ჯერ კიდევ დადგენის პროცესშია.
ესპანეთის პროვინცია ტარაგონაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-ზე მეტი. დაღუპულთა შორის უმეტესობა უცხოელი სტუდენტია, რომლებიც ესპანეთში "ერასმუსის" სტუდენტური გაცვლითი პროგრამით არიან ჩასულები.