სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა დღეს ესპანეთის პროვინცია ტარაგონაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ესპანეთის სამეფოს შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე, ქალაქ ამპოსტასთან ავტომანქანას შეეჯახა ავტობუსი, რომელსაც 56 ადამიანი ბარსელონაში გადაჰყავდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა უცხოელი სტუდენტია, რომლებიც ესპანეთში "ერასმუსის" სტუდენტური გაცვლითი პროგრამით არიან ჩასულები. ამ დროისთვის ტრასა, სადაც ავტოავარია მოხდა, გადაკეტილია. ავარიის სავარაუდო მიზეზი ავტობუსის მძღოლის მიერ მართვის დაკარგვაა.
AMBEBI.GE არკვევს, არიან თუ არა ქართველი სტუდენტები "ერასმუსის" პროგრამით აღნიშნულ რეგიონში. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველოდან წასული სტუდენტების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
როგორც AMBEBI.GE-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, საქართველოდან გაცვლითი პროგრამით წასული სტუდენტები წესით იმ რეგიონში, სადაც ავარია მოხდა, არ უნდა ყოფილიყვნენ. ამასთან, თსუ-ში აცხადებენ, რომ სტუდენტური გაცვლითი პროგრამის, "ერასმუსის" ყველა მონაწილეს დაეგზავნა შეტყობინება, ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რათა დამატებითი დეტალების მოძიება მოხდეს ესპანეთში საქართველოს საელჩოდან.
წაიკითხეთ: რა ინფორმაციას ფლობენ ესპანეთში გაცვლითი პროგრამით მყოფ ქართველ სტუდენტებზე თსუ-ში